ბათუმში, სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობაზე ცრუ შეტყობინების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს ს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ დარეკა.
ამის შემდეგ სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა და ტერიტორია დეტალურად შეისწავლეს, რის შედეგადაც ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა გამოირიცხა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც სუსი აცხადებს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში, სასწავლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებული ცრუ შეტყობინების ათეულობით ფაქტი.
„კონტრტერორისტული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ შეტყობინებების დიდი ნაწილი განხორციელებულია საზღვარგარეთიდან. იდენტიფიცირებულია კონკრეტული ქვეყნები, ელექტრონული ფოსტები და IP მისამართები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მოქმედებს ცრუ შეტყობინებების უკან მდგომი პირებისა და პირთა ჯგუფების იდენტიფიცირების მიზნით.
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აქტიურ ფაზაში აგრძელებს. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები,“ — აცხადებს სუსი.
უწყების ცნობით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტებზე იქნება საკმაოდ მკაცრი.

ასევე დაგაინტერესებთ