„ლავანდების გაშენება საცდელი პარტიით დავიწყეთ, დღეს კი პლანტაცია და 20-მდე პროდუქტი გვაქვს“ – „ტოტოს ლავანდები“

„ტოტოს ლავანდების“ პლანტაცია საგურამოში 2000 კვ.მ.-ზეა გაშენებული. ადგილზე ვიზიტორებს ლავანდების მონახულება და კომპანიის პროდუქციის, ასევე ნერგების შეძენა შეუძლიათ.
თუ როგორც დაიწყო კომპანიამ საქმიანობა, რა ეტაპზეა მისი განვითარება და რა სიახლეებს შესთავაზებს მომხმარებლებს სამომავლოდ, ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელი ნინო სანიკიძე ესაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ლავანდების ბაღის გაშენება 2020 წელს, ინგლისიდან ჩამოტანილი საცდელი პარტიით დაიწყო. 2 წელიწადში კი ბაზარზე ლავანდების ნედლეულზე დამზადებული მისი პროდუქცია გამოჩნდა.
„წარმოება 2022 წლიდან დავიწყეთ. პირველ ეტაპზე დავამზადეთ ლავანდების საშეები, ეთერზეთი და ლავანდის წყალი. ამ ეტაპზე კი ჩვენ 20-მდე პროდუქტს ვაწარმოებთ, რადგან ეტაპობრივად დავამატეთ დეკორატიული ნივთები და სუვენირები.
შარშან დავიწყეთ პლანტაციაში ვიზიტორების მიღება და გაჩნდა მოთხოვნა ლავანდის ნერგებზე. შესაბამისად, გასული წლიდან მიმდინარეობს ადგილზე ნერგების გაყიდვა. თავდაპირველად გვქონდა მხოლოდ ჩვენ მიერ გამოყვანილი ბრიტანული ლავანდის ნერგი. წელს კი უკვე შემოვიტანეთ ევროპიდან სხვადასხვა სახეობის ლავანდები, ასევე ჩვენი გამოყვანილი ვერცხლისფერი ლავანდა, როზმარინები, კოტონიასტერის ნერგები და ზეთისხილი“, – აღნიშნა ნინო სანიკიძემ.
პლანტაციაში სეზონზე, როდესაც ლავანდების კრეფა მიმდინარეობს, ჯამში 10 ადამიანი მუშაობს, მუდმივად კი პროდუქციის წარმოებაში და გაყიდვებში 3 ადამიანია ჩართული.
„ჩვენი სამუშაო მეტწილად სეზონურია, ამიტომ მუდმივად დასაქმებული კადრები არ გვყავს. რთველის დროს დაახლოებით 10 ადამიანი გვეხმარება, დანარჩენი პერიოდი კი, მუდმივად ვმუშაობთ 3 ადამიანი.
რაც შეეხება წარმოებას, ადგილზე არის სახელოსნო, სადაც პროდუქციის ნაწილი მზადდება, ნაწილს კი მე თავად საკუთარ სახლში ვამზადებ. ჩვენი პროდუქცია მთლიანად ხელნაკეთია“, – განაცხადა ნინო სანიკიძემ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში კომპანია პროდუქციაში დაამატებს საპნებსა და აბაზანის ბომბებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ტანის ლოსიონზე.
„ტოტოს ლავანდების“ პლანტაციაში ვიზიტორებს წელიწადში მაის-ივნისსა და აგვისტო-სექტემბრის პერიოდში იღებენ, როცა ლავანდები ყვავილობს. პლანტაციაში შესვლის ღირებულება 5 ლარია. გადახდის შემდეგ ვიზიტორებს ჩეკი ეძლევათ, რომლის გამოყენებაც მათ ადგილზე შეუძლიათ და რაიმეს შეძენისას ან კაფეში ანგარიშსწორებისას 5 ლარით ნაკლებს იხდიან.
ვიზიტორებს შორის თანაბრად არიან ქართველები და უცხოელი ტურისტები. ადგილის დაჯავშნა ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ფოტოსესიებისთვის, რისი ღირებულებაც საათების მიხედვით განისაზღვრება.