რუმინეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურა მოხსნა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ეროვნული თავდაცვის უმაღლეს საბჭოზე თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გამოაცხადა.
სხდომაზე იოჰანისმა აღნიშნა, რომ გასული კვირის ბოლოს მან ნატოს მოკავშირეებს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ შეატყობინა. მან, ასევე, სთხოვა საბჭოს წევრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვან.
როგორც აღინიშნება, სხდომის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუტეს კანდიდატურას უნგრეთმა და სლოვაკეთმაც დაუჭირეს მხარი, შესაბამისად, ამჯერად მის კანდიდატუერას ნატოს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა აქვს.