ალექსანდრე თვალჭრელიძე: ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

– ბატონო ალექსანდრე, იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში პირველად მონაწილეობს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატში, ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამ ჩემპიონატით და მასში ჩვენი ნაკრების მონაწილეობით ცხოვრობს. ამიტომ, ამ თემას ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ნაკრებმა პირველ მატჩში თურქეთის ნაკრებთან წააგო, კარგია, რომ ამ მარცხმა ჩვენს საზოგადოებაში სასოწარკვეთა და ფრუსტრაცია არ გამოიწვია.

მესმის, რომ თქვენ, ბევრისგან განსხვავებით ფეხბურთის ექსპერტობაზე პრეტენზია არ გაქვთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი ხართ, მაინც გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები იმაზე, რაც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს, მასში ჩვენი ნაკრების მონაწილეობას, წაგებულ და დარჩენილ თამაშებს უკავშირდება…

– მართალი ბრძანდებით, სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ. მახსოვს ჯერ კიდევ ძველი, ორიარუსიანი დინამოს სტადიონი, მახსოვს ზაურ კალოევის, შოთა იამანიძის, ვლადიმერ ბარქაიას, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველისა და სხვების თამაში.

როგორ დამავიწყდება 1964 წელს ილია დათუნაშვილის მიერ მოსკოვის „ტორპედოს“ კარში ტაშკენტში ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ მატჩში კუთხურიდან შეგდებული ბურთი. რასაკვირველია, მახსოვს დავით ყიფიანი და მთელი წინა საუკუნის ოთხმოციანი წლების ქართული ფეხბურთის ვარსკვლავოსანი პლეადა.

მე სულ რამდენჯერმე ვიყავი ცრემლებამდე ამაყი: 1964 წელს, როცა ჩვენმა ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ მატჩში ანგარიშით 4:1 მოსკოვის „ტორპედო“ დაამარცხეს, 1981 წელს, როცა ვლადიმერ გუცაევისა დაა ვიტალი დარასელიას გოლების წყალობით თბილისის „დინამომ“ ევროპის თასთა მფლობელთა თასი დაისაკუთრა და გუშინწინ, როცა წაგების მიუხედავად ჩვენმა ძალიან ახალგაზრდა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ სულ მალე, რამდენიმე წელიწადში გახდება ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, მაგრამ დღესაც გრანდებმა მას სერიოზული ანგარიში უნდა გაუწიონ.

ვერ ვიტან პოლიტიკისა და სპორტის აღრევას, მაგრამ ესეც ხომ ფაქტია, რომ ჩვენი ფეხბურთელები საქართველოს სახეა და მე ევროპაში თავაწეული სიარულის ბედნიერება მომანიჭეს. მადლობა ბიჭებს.

– მას შემდეგ, რაც საქართველოს მმართველმა „ქართული ოცნების“ გუნდმა ქვეყნის დასავლელი პარტნიორების რჩევები არაფრად ჩააგდო და „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ მიიღო, -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა არა მხოლოდ აღშფოთება გამოთქვა, არამედ გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების 30-მდე წარმომადგენელი დაასანქცირა.

დასანქცირებულთა გვარები არ დასახელებულა, მაგრამ, ამის შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერშიფმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ „საქართველოს აშშ-სთან თანამშრომლობა გადასახედია“. მეტიც, მათ მიერვე არა ერთხელ ითქვა, რომ „პარტნიორები ასე არ იქცევიან“.

გარკვეული დროის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირველი დონის ლიდერებმა აშშ-სთან მიმართებაში რიტორიკა აშკარად შეცვალეს და დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა, არავის განუმარტავს სულ ცოტა ხნის წინ რატომ დატოვა ოფიციალურმა თბილისმა ვაშინგტონის შეთავაზებები საქართველოსთვის უპასუხოდ.

რეალურად, რა მოხდა, არავის განუმარტავს. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომლითაც, სულ ცოტა ხნის წინ ხასიათდებოდა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები?

 აშშ-ს ადმინისტრაცია ბრიტანული იმპერიის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი პრემიერ მინისტრის ლორდ პალმერსტონის სიტყვების შესაბამისად მოქმედებს: „მე არ მყავს მეგობრები და მტრები, მაქვს მხოლოდ მდგრადი ინტერესები“.

მადლობა ღმერთს, მრავალი გეოპოლიტიკური მიზეზის წყალობით, რომელთა ჩამოთვლა ეხლა შორს წაგვიყვანდა, საქართველო არის და პროგნოზირებად მომავალში დარჩება აშშ-ს მდგრადი ინტერესების სფეროში. მთავრობები მოდიან და მიდიან, ხოლო ერი და მისი გეოპოლიტიკური ადგილსამყოფელი მსოფლიოში ნარჩუნდება. წინა ადმინისტრაციებმა აშშ-ს ეს ინტერესი სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიყენა, დასაწყისში „ქართული ოცნებაც“ ასე იქცეოდა, მაგრამ…

ჩემთვის დღესაც გაუგებარია, რატომ გაახვიეს მმართველი პარტიის ვითომ იდეოლოგებმა თავისი გუნდი ასეთ შარში? რატომ წინასწარ მოგებული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და კვალიფიციური უმრავლესობის შექმნის მაგივრად თითქმის გარანტირებულად კოალიციური მთავრობის აუცილებლობა განაპირობეს.

ჩემთვის ისიც გაუგებარია, რატომ ესე ყოჩურად ელაპარაკებოდნენ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებს. რა, ისეთი მიამიტები არიან და არ იციან, რომ კატა ვეფხვს ვერ მოერევა, თუმცა ერთი გვარისა არიან.

ეხლა კი ცდილობენ რიტორიკის შერბილებას, მაგრამ მატარებელი წასულია. „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორების ნდობა დაკარგა, როცა სიტყვა გატეხა და „აგენტების“ კანონი დააბრუნა.

ეხლა მნიშვნელობა არა აქვს იმას, რამდენი ადამიანი და რა დოზით არის დასანქცირებული, მთავარია, რომ შეიქმნა მეტად სამწუხარო პრეცენდენტი.

პრინციპი „გაყავი და იბატონე“ თანამედროვე საზოგადოებაში არ მუშაობს.

მაინც მიმაჩნია, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს დიდი საფრთხე არ ემუქრება. როცა შეიცვლება ადმინისტრაცია, იგი თავის ტრადიციულ ნიშნულს მყისიერად დაუბრუნდება.

– მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა მიიღო „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, პოლიტიკურმა პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა. ამის ინიციატორი თავად ხელისუფლება აღმოჩნდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რაც ახალგაზრდების ინიციატივით ქუჩაში მიმდინარეობდა და როგორც ამბობენ, კიდევ გაგრძელდება?

ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს – უშიშარი, გონიერი, თავისუფლების მოყვარე და პრინციპული. მე ამ ახალგაზრდულ პროცესს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების დასკვნით ეტაპად შევაფასებდი: ხალხი ქუჩაში არა პოლიტიკური პარტიების დაკვეთით, არამედ თავისთავადად, თვითორგანიზებულად გამოვიდა და ეს სამოქალაქო და არა პოლიტიკური პროცესია.

– მას შემდეგ, რაც საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტ ს მიერ კონკრეტული ნაბიჯები იქნა გადადგმული პროდასავლური ძალების გასაერთიანებლად ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დააინიციირა „ქართული ქარტია“, რომელსაც პროდასავლურად განწყობილმა ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს. როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ოპოზიციისთვის „ქართული ქარტიის“ შეთავაზებით დასრულდა?

რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ შეთავაზებას?

 ქალბატონი სალომე საქართველოს პრეზიდენტია და მე ამ ინსტიტუტს, როგორც უზენაეს სიმბოლოს, პატივს ვცემ. ამიტომ ქალბატონი სალომეს ქმედებების შეფასებისგან თავს შევიკავებ.

ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს „ქართული ქარტია,“ რასაკვირველია, პოლიტიკური დემარშია, რომელიც ქმედებისთვის სავალდებულო არ არის. ქალბატონი სალომე დასავლეთში დაფასებული ფიგურაა და იმის მაგივრად, რომ იგი „ნაცების პრეზიდენტად“ შევრაცხოთ, უმჯობესია მისი კავშირები საქართველოს სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მხრიდან ქალბატონი სალომეს ლანძღვა-გინება მისი ფიგურის უგულებელყოფა აჩვენებს, რომ მმართველო გუნდისთვის მთავარია ძალაუფლება არა ერის სასიცოცხლო ინტერესები.

– ბევრი პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებს თავად ჩაუდგეს სათავეში პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს. პირდაპირ თუ ირიბად ამაზე მინიშნებებს მმართველი გუნდის წევრებიც ახმოვანებენ.

თქვენი აზრით, საპარლამენტო მარათონში უნდა ჩაებას თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი?

 კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე ქალბატონ სალომეს ვერავითარ რჩევას ვერ მივცემ.

უკვე ჩანს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი პიროვნულად არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, მაგრამ დაიბევა მასთან მთავრობის ფორმირების შეთანხმების აუცილებლობა.

– ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა – „ჩვენ საქართველოსთან გვაქვს გასაოცრად ძლიერი ურთიერთობა“.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე – მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, -„საქართველოსთან ურთიერთობები გადაიხედებაო“, ელჩის პასუხი ასეთი იყო – „იმედი მაქვს, ამ წერტილამდე არ მივალთ. პრემიერმა თქვა, – „ამ ურთიერთობებს ძველ რელსებზე დავაყენებთო“.

გაქვთ განცდა, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების „ძველ რელსებზე დაყენების“ რესურსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს?

 ეს რესურსი ოტო ფონ ბისმარკს თუ ექნებოდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ იგი ამგვარ საკრალურ შეცდომას არ დაუშვებდა.

კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით „ქართულ ოცნებას“ ნდობის მანდატი თითქმის ამოწურული აქვს. ყველა არჩევნების შედეგებს ელოდება.

– იმავე ინტერვიუში, აშშ-ს ელჩმა თქვა, – „კარგი იქნებოდა, თუ მმართველი გუნდი კანონს გააუქმებდა. ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი. მაგრამ, ეს არ არის ერთადერთი სურვილი. კარგი იქნებოდა თუ ხელისუფლება დაასრულებდა ნეგატიური რიტორიკას, დეზინფორმაციას, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას, ანუ იმას, რასაც ხელისუფლებიდან ევროკავშირი ითხოვს“.

ვხედავთ, რომ სასამართლოებში გრძელდება აქციების დროს სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებულების სასამართლო პროცესები. ახლა უკვე რეგიონებში მიმდინარეობს იმათი დევნა, ვინც ახალგაზრდების აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ხელისუფლება რეგიონებში აქტივისტებზე დევნას იმიტომ ახორციელებს, რომ არჩევნებზე სწორედ ეს ახალგაზრდები იქნებიან აქტიური დამკვირვებლები და ახლა ახდენენ მათ დისკრეტიზაციას.

რამდენად დიდი იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება კანონს გაიწვევს? უარს იტყვის პარტნიორების მიმართ რიტორიკის შეცვლაზე? ასევე მომიტინგეების მიმართ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ახლა რეგიონებში ატარებს?

 ძალადობა სუსტის სიძლიერეა. ბრაზობს და ძალადობს ის, ვინც მართალი არ არის. ეხლა თქვენ კითხვებს დავუბრუნდეთ.

ჩემი აზრით, მმართველი გუნდი კანონს არ გაიწვევს, მაგრამ რიტორიკას თანდათან შეარბილებს, თანაც მნიშვნელოვნად. მომიტინგეების მიმართ კი რეგიონებში წარმოებული პოლიტიკა სრულიად უაზროა.

ოპოზიციონერები პოლიტიკური ფიგურები არ არიან, აქ ნებისმიერი ადამიანის შეცვლა მყისიერად შეიძლება: „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.

– აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა ანაკლიის პორტის მშენებლობის თემაზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვა – „ჩინური კომპანია, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი გააფორმა, ჩინეთის არმიმასთანაა დაკავშირებული. ამ კომპანიას არ აქვს კარგი რეპუტაცია, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა და ამ პროექტებისთვის ფინანსების მიღება. ჩინეთის კომპარტია ს არმიის მთავარი ბანკირი და ფინანსისტია.“

ამ თემაზე მსჯელობისას მან ასევე რიტორიკული კითხვა დასვა – „რატომ უნდა გააღრმაო ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელიც რუსეთს ეხმარება და ოკუპანტი ქვეყანაა“?

ვერაფერს იტყვი, ამაზე გასაგებად კიდევ რა უნდა ეთქვა აშშ-ს ელჩს საქართველოში. მართალია ელჩის ამ განცხადების შემდეგ ანაკლიის თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ფაქტია, რომ ანაკლიის პორტის თემის ირგვლივ რაღაც ხდება, მაგრამ, რა, გაუგებარია. თქვენი აზრით, რა შეიძლება ხდებოდეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით?

 ანაკლიის პორტის პროექტი არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი, ეს გეოსტრატეგიულად საქართვლოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების მრავალ მიმართულებას მოიცავს.

მე ეს კარგად ვიცი, ვინაიდან მრავალი წლის წინ, როგორც გეოლოგიური ინსტიტუტის იმდროინდელი დირექტორის მოადგილე, ვმონაწილეობდი პორტის ადგილმდებარეობის შერჩევაში.

აქედან გამომდინარე, აშშ-ის ელჩის სიტყვები სრულიად მართებულია – სტრატეგიული პროექტები სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით უნდა განახორციელო.

ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი.

– აშშ-ს ელჩთან ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ მომავალ კვირას საქართველოდან აშშ-ში გაემგზავრება 40 ქართველი ბიზნესმენი 20-ზე მეტი კომპანიიდან. ისინი აშშ-ში შეხვდებიან აშშ-ს ვაჭრობის მდივანს, მათ შეხვედრები ექნებათ თეთრ სახლში, რაც გააღრმავებს ამერიკა- საქართველოს ურთიერთობებს.

ბიზნესმენთა ასეთი დელეგაციები აშშ-ში ბევრჯერ გამგზავრებული გვინახავს, მაგრამ, ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ნაკლებად შეგვიმჩნევია. ღმერთმა ქნას, ამჯერად ასე არ იყოს.

ჩემი შემდეგი კითხვა ასეთი იქნება – რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ავად თუ კარგად აწესრიგებს ურთიერთობას მის მიერვე მრავალჯერ ბუად გამოცხადებულ ამერიკას, სადაც, სავარაუდოდ, მმართველ გუნდის ლიდერშიფს ეგულებოდა „გლობალური ომის პარტია“?

 ამერიკელი პოლიტიკოსები, ჩვენებისგან განსხვავებით, ჯერ დიდხანს ფიქრობენ, შემდეგ კი ლაპარაკობენ და აქტივობებს ავლენენ. ქართველი ბიზნესმენების აშშ-ში დაპატიჟება და მათი შეხვედრა ვაჭრობის მდივანთან უნდა განვიხილოთ, როგორც გზავნილი: ამერიკა თავის პარტნიორებს ასე ადვილად არ თმობს.

მოყვება თუ არა ამ ვიზიტს ხელშესახები ეკონომიკური შედეგები, უკვა მეორე საკითხია.

მმართველი ხელისუფლება კი მიხვდა, რომ საკუთარ ნარატივში აშკარად გადააჭარბა და სიტუაციის დარეგულირებას ცდილობს.

– ევროპარლამენტის არჩევნების დასრულების შემდეგ ევროკავშირის სტრუქტურების მმართველი რგოლები დაკომპლექტდება. ვიცით, რომ ევროკავშირის მმართველობის ახალი შემადგენლობა მალე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებს.

ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქმის. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, საქართველოსთან ურთიერთობების რა გზას აირჩევს ევროკავშირი?

 ევროკავშირს თვით მ გაუადვილა ამოცანა – ხომ თქვა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2030 წლისთვის იქნება მზად.

ჰოდა ევროპელი პოლიტიკოსების ადგილზე მე, სათანადო ლამაზი დეკლარაციების შემდეგ, საქართველოს საკითხს გადავდებდი.

– რამდენიმე დღის წინ წიწამურთან ჯი-ვი-პის მაგისტრალურ წყალსადენზე ჩვენი ქვეყნისთვის არნახული ავარია მოხდა.

ჯ-ვი-პის განცხადებით, მილსადენის თავზე „მესამე პირმა“ სისტემატიურად ნაყარს ასაწყობებდა, რის გამოც ქანებმა მდგრადობა დაკარგა და მეწყერი ჩამოწვა. თქვენი აზრით, რა არის ამ ავარიის გამომწვევი მიზეზი?

 ჩემი ღრმა რწმენით ადგილი აქვს არაპროპესიონალიზმის, გულგრილი დამოკიდებულებისა და შესაძლოა კორუფციული გარიგების კვანძს. ტყუილად ხომ არ დაიწყებოდა გამოძიება?

აგიხსნით ჩემ აზრს. სანაყარე მეურნეობის მოწყობა და მართვა წიაღით სარგებლობის სპეციფიური ფორმაა, რომელიც ექვემდებარება წინასწარ გეოლოგიურ შესწავლას, დაპროექტებასა და შესაბამისი ნებართვების მიღებას.

პროექტის ექსპერტიზის შემდეგ წიაღის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაედგინა ნაყარის ზღვრული მოცულობის ნორმები, ხოლო გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეს საქმიანობა ხისტად უნდა გაეკონტროლებინა. გარდა ამისა, რასაკვირველია, უნდა აკრძალული ყოფილიყო მილსადენის თავზე სანაყარე მეურნეობის მოწყობა.

ამიტომ ლოგიკურია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კითხვა:

  1. არსებობს თუ არა სანაყარე მეურნეობის პროექტი და დამტკიცებულია თუ არა იგი სათანადო ნებართვით?
  2. სად იყო ჯი-ვი-პი, როცა მისი მაგისტრალური მილსადენის თავზე სანაყარე მეურნეობას აწყობდნენ?
  3. სად იყო გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელთანაც პროექტი უნდა შეთანხმებულიყო და რომელსაც ეს საქმიანობა უნდა შეემოწმებინა?
  4. და რასთან გვაქვს საქმე: არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობასთან თუ კორუფციულ გარიგებასთან?

იმედია, გამოძიება ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხს გასცემს, ვინაიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ დამნაშავე ბევრია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ