მელიამ თავი დაიტოვა პარტიის მიღმა – ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და როცა ამდენ დროს აკარგვინებს ადამიანი ოპოზიციონერებს, რომ ისაუბრონ გაუთავებლად მის წასვლა-არ წასვლაზე, როცა ადამიანი წასულია, მგონი ცხადია უკვე, ვის მიზნებს ემსახურება,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, მელიას უახლოეს მომავალში სხვა პარტიაში ან პლატფორმაზე იხილავენ.
„მან არ გამოიყენა ერთობის მანიფესტზე ხელმოწერის შესაძლებლობა და პრეზიდენტი სააკაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, თავი დაიტოვა პარტიის მიღმა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მას ვიხილავთ ან სხვა პოლიტიკურ პარტიაში ან სხვა პლატფორმაზე და ეს მისი არჩევანია. ბუნებრივია, მე იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ყველა პროდასავლელი ჩაერთვება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს ეს არის მთავარი ამოცანაა და ამით უნდა იხელმძღვანელოს ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც თავს რეჟიმის მოწინააღმდეგედ მოიაზრებს.
ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება [პარტიიდან გასვლის თაობაზე] თავად ნიკა მელიამ მიიღო, როცა მან პრეზიდენტი სააკაშვილის შემოთავაზებაზე უარი თქვა და ხელი არ მოაწერა ერთობის დოკუმენტს, რომელიც იქნებოდა შანსი მისი რეინტეგრაციისთვის პარტიაში, რომელსაც დიდი ხანია მძიმე ბრალდებებს უყენებს.
10 წუთია ვპასუხობ კითხვას, რომელიც ვფიქრობ, არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო, ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და როცა ამდენ დროს აკარგვინებს ადამიანი ოპოზიციონერებს, რომ ისაუბრონ უსაგნოდ და უსაზღვროდ და გაუთავებლად მის წასვლა-არ წასვლაზე მაშინ, როცა ადამიანი წასულია და ამას თავად ამბობს, მგონი, ცხადია უკვე, ვის მიზნებს ემსახურება,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.