დევნილობა – დაუსრულებელი პრობლემა

საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია ს მიერ. ამ ტერიტორიებიდან დევნილი მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ნაწილში არის განსახლებული. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, სულ რეგისტრირებულია 292 887 იძულებით გადაადგილებული პირი, 92 ათასი დევნილი ოჯახი.
დევნილების პირველი ტალღა 1991-1992 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს შექმნის პარალელურადვე, გაჩნდა, რასაც დან დევნილი მოქალაქეები შეემატნენ. 2008 წელს ომის შემდეგ, დევნილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიმართ სახელმწიფომ განსხვავებული პოლიტიკა აწარმოა. თუ 90-იანი წლების დევნილები, ფაქტობრივად უსახლკაროდ და თავშესაფრის გარეშე, სახელმწიფოს მინიმალური ზრუნვის პირობებში ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში, 2008 წლის დევნილებისთვის თავშესაფრები მყისიერად აშენდა. ასევე, გადაიხედა დევნილთა მიმართ მანამდე არსებული პოლიტიკა, შემქმნა სტრატეგია, რომლის მიხედვით, ყველა დევნილი ოჯახი სახელმწიფოსგან თავშესაფარს მიიღებს.
მართალია, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ამ დროისთვის თავშესაფარი დევნილთა უდიდეს უმრავლესობას მიღებული აქვს. მათ შორის არიან ცხინვალიდან და აფხაზეთიდან დევნილები, ვისაც საცხოვრებლები, 27 წლის უსახლკაროდ ცხოვრების შემდეგ გადაეცათ.
დროის ფაქტორი და ახალი „განლაგება“
„ რომ გითხრათ, ისევ ისეთი სიმწვავით აღვიქვამ დევნილობის პრობლემას, როგორც ეს იყო 30 წლის წინ, რა თქმა უნდა, არ იქნება ეს მართალი. თუმცა ამ წუთას თავი გამოვიჭირე, რომ ახლაც ისე ვღელავ ამ საკითხზე საუბრისას, როგორც მაშინ,“- გვეუბნება ნანა საბანაძე. ის ცხინვალიდან დევნილია, – „ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რეალობას უნდა შეეგუო, თუ გინდა გადარჩე. მეც დამიდგა ასეთი მომენტი. ახლა სხვა ასაკში ვარ. ის, თემა, რომ მე დევნილი ვარ, რაღაცნაირად, უკან გადავწიე. რადგან მყავს შვილები, შვილიშვილები, რომლებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ამ ქვეყნის ცხოვრებაში,“- მიიჩნევს ნანა საბანაძე.
დევნილები და სახელმწიფო პოლიტიკა
„დევნილობას დევნილები ვერ ვუშველით. ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტებს პიროვნულ დონეზე, მაგრამ, კონტაქტების შენარჩუნება ჩემ დონეზე, ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს, რადგან ეს ინდივიდების სიბრტყეში არ წყდება. თუმცა გვესმის, რომ იმ დროისთვის, როცა დაბრუნება დადგება დღის წესრიგში, რაღაც ხარისხით კონტაქტები უნდა იყოს შენარჩუნებული და ეს მნიშვნელოვანია,“- ამბობს ნანა საბანაძე.
„სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რაღაც შეიცვალა. ახლა მშვენიერ ბინაში ვცხოვრობ. ბევრი პრობლემა მოხსნა ამან. მე ნელ-ნელა დავიწყე ამ საშინელი, დევნილის სახელის მოცილება. ჩემ შვილს ეს პრობლემა აღარ აწუხებს, თუმცა ამ ცვლილებამ მეტისმეტად დაიგვიანა. სახელმწიფომ 27 წლის შემდეგ მისცა თავშესაფარი ადამიანებს, არადა, ადრევე უნდა ეზრუნა ამ ყველაფერზე,“- ამბობს ცარო ყაზახაშვილი.
შვილები და დევნილობა
„ჩემმა შვილებმა იციან, რომ ცხინვალიდან არიან და ცხინვალი დღეს დაკარგულია. არ იციან, თავისი სახლი სად არის და როგორი იყო. ეს მდგომარეობა გაჰყვებათ, ალბათ, ბოლომდე. ზოგჯერ იმას ვფიქრობ, დაბრუნების მომენტი რომ დადგეს და დავბრუნდეთ, მერე აქაურობას შემონატრებენ. მათთვის მშობლიური ის ადგილია, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ,“- გვეუბნება ნანა საბანაძე.
„ერთადერთ შვილს ვზრდი. მისთვის ცხინვალი მოყოლილი ზღაპრის მეტი, არაფერია. ცხინვალი იმიტომ ცხინვალობს, რომ იქ ჩემი ბავშვობა დარჩა. ჩემი შვილი რაღამ უნდა მიიზიდოს იქით, წარმოდგენა არ მაქვს. თამაში აღარ მინდა. ავდექი და ვთქვი, ცხინვალისკენ აღარაფერი მეძახის-მეთქი. მწვავე რეაქციები მოჰყვა ჩემს ამ განცხადებას. მე ის ვთქვი, რაც ჩემ გულში ხდებოდა და ხდება. ესაა ყველაზე დიდი, რაც შეიცვალა ჩემს გონებაში,“- გვეუბნება ცარო ყაზახაშვილი.
„მესამე შვილი დევნილობაში შემეძინა. ერთი წლინახევრის იყო და მეორე თვეების, როდესაც ცხინვალიდან წამოვედით. ისინი დევნილობაში გაიზარდნენ,“- ამბობს მაყვალა ბერიშვილი.
რა არის დევნილობა?
„ბედისწერაა, დევნილის ხვედრია ასეთი – მუდმივად დაუსრულებელია რაღაც შენ ცხოვრებაში, რომელიც გინდა დასრულდეს, მაგრამ არ სრულდება. მერე ხვდები, რომ ამ ყველაფრის დასრულება შენზე არაა დამოკიდებული. შენ თავს ეუბნები, რომ ადამიანი გონიერი არსებაა და ყველაფერი რაციონალურად უნდა აკეთო. ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაც დაიწყო, გააგრძელო და დაასრულო, მაგრამ დევნილობას ვერაფერი მოვუხერხე, ვერაფერი შევცვალე,“- გვეუბნება ნანა საბანაძე.
„ამას წინათ, შვედეთიდან დამიკავშირდა ელიდა გაგლოევა. ბავშვობაში ერთად ვიზრდებოდით ცხინვალში, ვმეგობრობდით, მერე სტუდენტები გავხდით და დავიშალეთ. მეც წავედი, ისიც წავიდა. მისი ზარი იყო ბოლო ხანების ყველაზე უცნაური განცდა ჩემთვის, რომელმაც სრულიად შემიპყრო. რომ მოგესმინათ, როგორ მესაუბრებოდა ჩემი ბავშვობის ოსი მეგობარი, რა ინტონაციით, როგორ ღვარად მოსდიოდა ცრემლები და რამხელა სიყვარული ჰქონდა, რა გრანდიოზული იყო ჩვენი ეს 40 წლის შემდგომი შეხვედრა, დიდი წიგნი დაიწერებოდა და დიდი ფილმი შეიქმნებოდა. მასაც ზუსტად ისეთი განწყობები აქვს, როგორიც მე. არც მისთვის წარმოადგენს ცხინვალი რაიმე ღირებულებას. ცხინვალი მისთვის არის მხოლოდ მოგონება იმ საოცარი ბავშვობისა, რომელსაც ერთად ვატარებდით. ეს ძალიან დამანგრეველია ემოციურად. ისიც წავიდა ცხინვალიდან, როგორც ბევრი ოსი, რადგან იქ არაფერი პერსპექტივა აღარ დარჩა. წავიდნენ, მიხედეს თავის ცხოვრებას,“- ამბობს ცარო ყაზახაშვილი.
ოსები და ქართველები
ის ყველაფერი, რაც ჩვენს თავს მოხდა, არანაირად მისაღები არ იყო არც ოსებისთვის. ჩემი ბავშვობის მეგობარი ქალი ჩავარდნილია საგონებელში, რა იყო ეს უბედურება, რასაც მაშინ ასე ტაშს ვუკრავდითო, მეკითხებოდა. ამას ძალიან განიცდის. ჩვენს საუბარში ჩანდა, რომ მათ დაუშვეს დიდი შეცდომა, როცა ამ პროცესებს [ეგრეთ წოდებულ „ამბოხებას“ ცხინვალში] ტაშის კვრით ხვდებოდნენ. ჩემთვის ეს სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავდა,“- გვეუბნება ცარო ყაზახაშვილი.
ოსები, ქართველები, რუსები ერთად მუშაობდნენ, ვმეგობრობდით. ჩვენმა სამეგობრომ, ფაქტობრივად, დატოვა მაშინ ცხინვალი, მათ შორის, ოსებმაც, რუსებმაც. ახლა ვიცი, რომ ტკივილი აქვთ ოსებსაც, რუსეთის მოქალაქეებად ითვლებიან, არ წერია მათ პასპორტში არც ოსი, არც აფხაზი. ცხინვალში აღარავინ დამრჩა… ალბათ, ოსებიც არ მოელოდნენ, თუ ასე წავიდოდა მათი ცხოვრება. ალბათ, თვითონაც არ სიამოვნებთ, მაგრამ ვერაფერს ცვლიან, როგორც ერი განადგურების პირას იმყოფებიან,“- გვეუბნება მაყვალა ბერიშვილი.
თუ დადგება დაბრუნება
„როდესაც პირისპირ დავდგები, დაბრუნების საკითხის წინაშე, არ ვიცი, რას გავაკეთებ. დღეს იქნება, ხვალ იქნება, როგორ იქნება, რა ფორმით იქნება… რთულია ეს თემები. როდესაც ვფიქრობ, არ მაქვს პასუხი, რატომ? რატომ უნდა დადგეს ამდენი ადამიანი, თუნდაც ასეთი ფიქრების წინაშე და გინდება, რომ გაყარო, მოიშორო ეს საფიქრალი. გინდა, რომ იცხოვრო დღევანდელი ცხოვრებით და იყო ჩვეულებრივი მოქალაქე ამ ქვეყნის. დევნილობა ტვირთია, რომელსაც ვერ შველი, ვერ ასრულებ, ვერ ამთავრებ, ვერ შველი ვერაფერს,“- ამბობს ნანა საბანაძე.
ცარო ყაზახაშვილი 33 წლის განმავლობაში დევნილია. იმ პერიოდში, როდესაც ცხინვალში პრობლემები დაიწყო, მამა ავად ჰყავდა და თბილისში, საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი გარდაცვალება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ცხინვალი უკვე აღარ კონტროლდებოდა, ამიტომ მამა გორის მუნიციპალიტეტის სოფელში, მერეთში დაკრძალეს. „მაშინ, ყველა ვფიქრობდით, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო და მალე დავბრუნდებოდით. ამ რამდენიმე დღის წინ სწორედ ეს მერეთელები შემხვდნენ და ბუნებრივია, ჩვენი დევნილობის ამბავზეც მოიტანა სიტყვა საუბარმა. მკითხეს, ახლა რომ დაბრუნება იყოს, რას იზამდიო? იცით, მას შემდეგ 33 წელი გავიდა. ამასობაში, გარდაიცვალა ჩემი ერთადერთი ძმა, რომელიც გორში იყო დაოჯახებული, გორში დავკრძალეთ. შემდეგ, მამაც, 27 წლის შემდეგ, მის გვერდით გადმოვასვენეთ. ცოტა ხნის წინ, დედა დავკრძალე, ისიც გორში. ჩემი კარგი, ქართული, ცხინვალელი ოჯახიდან, ამ ქვეყანას მხოლოდ მე შემოვრჩი, უკანასკნელი მოჰიკანივით. ჩემი ოჯახის ყველა წევრი გორშია დაკრძალული. ტყუილს ვიტყვი, რომ ვითქვა, მე ახლა ცხინვალისკენ რაღაც მიზიდავსო. ყველაზე გრანდიოზული, რაც ჩემთვის შეიცვალა ამ საკითხზე, ესაა ზუსტად. იქ მე აღარაფერი მეძახის. ეს ძალიან მტკივნეულია. მეტისმეტად მტკივნეულია, მაგრამ ეს არის რეალობა,“- გვეუბნება ცარო ყაზახაშვილი.
„თავიდან, გვქონდა იმედი, რომ ძალიან მალე დავბრუნდებოდით. არ მინდოდა ჩანთების ამოლაგება. ვამბობდი, რომ ამას ხელს არ მოვკიდებ, რადგან მალე დავბრუნდებით. თითქოს მაშინ გაჭირვებამ გაგვაერთიანა. ყველას სახეზე გვეწერა, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, რადგან ჩვენ იქ დავტოვეთ სახლები, მეგობრები, ახლობლები და აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. არასდროს იმედს არ ვკარგავ და მჯერა, რომ დავბრუნდებით. რაც წლები გადის, უფრო მეტად მენატრება იქაურობა. ხეობის ამდენი სოფელი განადგურებულია, იქ სახლები აღარ დაგვრჩა, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ დაბრუნდებით,“- ამბობს მაყვალა ბერიშვილი.
2008 წლის შემდეგ, მართალია, ტერიტოროების მიტაცება ომის გამო არ გაგრძელებულა, თუმცა ბორდერიზაციის პროცესის შედეგად, რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მიაქვს. საერთაშორისო სამართალი ამ პროცესს უკანონოდ მიიჩნევს და მასზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. ამას მოწმობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში მეოთხე სახელმწიფოთა შორისი სარჩელიც, რომელზეც შედეგი უკვე დადგა და რუსეთის ფედერაცია დამნაშავედ იქნა ცნობილი ბორდერიზაციის პროცესის წარმოებაში.

ასევე დაგაინტერესებთ