,,ზაფხულის სეზონზე მოთხოვნა დაახლოებით, 15%-ით არის გაზრდილი” – სასტუმეო Quadrum

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 10-15%-ით არის გაზრდილი. გვაქვს, მოლოდინი, რომ წელს ზაფხულის სრული სეზონი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე შარშან იყო, – ამის შესახებ გუდაურში მდებარე სასტუმრო QUADRUM-ის დამფუძნებელმა ირაკლი ერისთავმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გუდაურში გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა დამსვენებელთა რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის.

„სასტუმრო ფუნქციონირებს ზაფხულის სეზონზეც. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები უცხოელები, კერძოდ, ინდოელები, არაბები და ყაზახები არიან. ზაფხულის სეზონზე დატვირთულობა დაახლოებით, 60%-მდეა, საიდანაც 95%-ზე მეტი უცხოელია.

გზის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა გუდაურზე დადებითად იმოქმედებს და მომავალში სავარაუდოდ, ჩვენც შევძლებთ გავზარდოთ გაყიდვები. ზაფხულშიც თუ სასტუმროს 80%-მდე დატვირთვაზე ავედით ძალიან კარგი იქნება“, – აცხადებს ირაკლი ერისთავი.
მანვე აღნიშნა, რომ ამჟამად გუდაურში ტროტუარების და კანალიზაციის პრობლემაა.

„ამჟამად გუდაურში არ არის ტროტუარები. ძალიან რთული და საშიშია ფეხით გადაადგილება. ვიმედოვნებ, რომ მლეთა-კობის მაგისტრალის დასრულების შემდეგ, გუდაურის გზებსაც გააკეთებენ. გარდა ამისა, გუდაურში კანალიზაციის პრობლემაა, რომლის მოწესრიგებასაც გვპირდებიან შესაბამისი უწყებები“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 11 ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში – QUADRUM-ი 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. მისი მონოლითისგან დამზადებული მეორე კორპუსი კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი. ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით, 3-4 მილიონი ლარი დაჯდა.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ