Politico-ს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ივე წევრი ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე, NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე იენს სტოლტენბერგს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე შეცვლის.
როგორც გამოცემა წერს, რუტეს კანდიდატურაზე 18 ივნისს უნგრეთისა და სლოვაკეთის თანხმობის შემდეგ, დღეს, 20 ივნისს ნიდერლანდების პრემიერის კანდიდატურას მხარი რუმინეთმაც დაუჭირა, რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კი NATO-ს უმაღლეს თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა.
რუტე ალიანსის გენერალური მდივნის პოზიციას 2 ოქტომბერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიკავებს.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუტე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო. იგი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას ემხრობოდა და მუდმივად ხაზს უსვამდა უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების მნიშვნელობას.
რუტეს პრემიერობის დროს, მან ნიდერლანდების თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდა და მშპ-ს 2%-ს გადააცილა, რაც NATO-ს წევრი ქვეყნების მოთხოვნაა. ამასთანავე, რუტემ უკრაინას F-16-ის ტიპოის ავიაგამანადგურებლები, არტილერია, დრონები და საბრძოლო მასალები გადასცა.