ახალგაზრდები პარლამენტიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ისინი, კიდევ ერთხელ, გააპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლების დასავლური კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა „რუსული ორბიტისკენ გადახარა“.
მათივე ინფორმაციით, დღევანდელი აქცია ე.წ. გავრილოვის ღამიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით დაიგეგმა.
მსვლელობაზე აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს ძველი დროშები, სხვადასხვა ბანერები და პლაკატები, რომელზეც გამოსახულია ილია ჭავჭავაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გიორგი ანწუხელიძე და სხვები.
მსვლელობაზე ისმის შეძახილები – “საქართველოს გაუმარჯოს”, “არა რუსულ რეჟიმს”. მსვლელობის ფარგლებში აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიციამ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა, ამიტომ მომიტინგეები საფეხმავლო გზით გადაადგილდებიან. ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა”დაფიონის” წარმომადგენლები, რომლებიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორები არიან.
“ხელისუფლება რამდენჯერაც არ უნდა ეცადოს, საქართველოს ვერ გაარუსებს. ამ აქციაზე ძველი წითელი დროშები და ეროვნული სიმბოლიკები სწორედ ამიტომ მოვიტანეთ. “ქართული ოცნება” რუსეთის ფილიალია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ეროვნულობის მათგან დაცვა სწორედ “გავრილოვის ღამეს” დაიწყო. ქართული ერის ფუნდამენტური თავისუფლება სწორედ ევროინტეგრაციაშია” , – განაცხადა “დაფიონის” წევრმა ზვიად ცეცხლაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.