ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ ფორმულას ეთერში ნიკა მელიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ბარამიძის თქმით, უმეტესობამ ხაბეიშვილის განცხადება აღიქვა, “როგორც მელიას გარიცხვის გადაწყვეტილება, თუმცა ასე პირდაპირ ეს არ თქმულა”.
ბარამიძის თქმით, “კატეგორიულად არ მოსწონს მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანია”, თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელიას გარიცხვის წინააღმდეგი იყო და არის”. ბარამიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, “არ იზიარებს ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას”.
“ზოგადად ცივილიზირებული პარტიული დემოკრატიისთვის და ენმ-სთვისაც აზრთა სხვადასხვაობა უცხო არაა, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა თავმჯდომარის ან მთლიანად პარტიის გადაწყვეტილებებს (მაგალითად პარლამენტში შესვლაზე) არ ვიზიარებდი, მაგრამ ცხადია უმრავლესობის აზრს ყოველთვის პატივს ვცემდი.
ახლაც ასეა ზუსტად და ამას საჯაროდ ვამბობ.
მე ვიყავი და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი და ვაპირებ მასთან ერთად ბრძოლას. ენმ არის მიშას გუნდი. ამავდროულად ენმ-ს ყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და სამდივნო.
თუ ჩემი ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლობა, ჩემს ენმ პოლიტიკურ მდივნობასთან შეუთავსებლად ჩაითვლება მზად ვარ თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო, ცხადია ესეც წესდებით მათი უფლებამოსილებაა რომ გადაწყვიტონ.
თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მას მშვიდად მივიღებ. მეტიც, თუ საჭირო გახდა პოლიტიკურ საბჭოსაც დავტოვებ და ვიქნები ენმ რიგითი წევრი და სანამ ენმ-ს ლიდერი მიშა იქნება, მე ვიქნები მიშას გვერდით, მიშას გუნდში. ენმ და მიშას გუნდის რიგითი მებრძოლის სტატუსიც ძალიან საპატიოდ მიმაჩნია.
მე მჯერა ენმ-ში ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება და ახლებიც დაგვემატებიან. მჯერა მთავარი მიზანი არ დაგვავიწყდება და ფოკუსი არ აგვერევა.
მიშასთან ერთად და მიშას ლიდერობით, საქართველო მოღალატეთა რეჟიმისგან უნდა ერთად გავათავისუფლოთ. ესაა მთავარი და ამ ბრძოლაში რიგითად ბრძოლაც საპატიოა. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების.
საქართველოში უნდა გათენდეს! თავისუფლება მიშას! დიდება საქართველოს!”, – წერს გიორგი ბარამიძე.
26 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა კვირის ფორმულაში პარტიის ყოფილ თავმჯდომარეზე ისაუბრა. ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელია “არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას”.