„ნატო ძალიან კარგ ხელში იქნება“ — სტოლტენბერგი მარკ რუტეს შესახებ

„ნატო ძალიან კარგ ხელში იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მარკ რუტე ხდება შემდეგი გენერალური მდივანი“, — განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ძალიან ახლოსა არის მის შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილებასთან.
„კანდიდატი არის მარკ რუტე. ის დიდებული ადამიანია, მრავალი წელია, პრემიერ-მინისტრია და მას მტკიცედ სჯერა ტრანსატლანტიკური კავშირის. ის ჩემი მეგობარი და კოლეგაა“, — განაცხადა სტოლტენბერგმა 19 ივნისს, კანადაში ვიზიტისას.
ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი 2014 წლიდან არის ნატოს გენერალური მდივანი და უკვე ოთხჯერ გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა. ის საბოლოოდ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს დატოვებს პოსტს, რომელსაც, დიდი ალბათობით, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე ჩაიბარებს.
გენერალურ მდივანი ალიანსის 32 წევრის კონსენსუსით აირჩევა. მარკ რუტეს კანდიდატურაზე შეთანხმებას ბოლო დრომდე უნგრეთის, ს და რუმინეთის პოზიცია უშლიდა ხელს. თუმცა 18 ივნისს ვიქტორ ორბანმა დაადასტურა, რომ მხარს დაუჭირეს გენერალური მდივნის კანდიდატურას იმ პირობით, რომ ბუდაპეშტი არ განათავსებს თავის ძალებს და არ დახარჯავს ფულს უკრაინის მხარდასაჭერად.
„უნგრეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე“, — დაწერა ორბანმა X-ზე და გამოაქვეყნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრისგან მიღებული წერილი, რომელშიც რუტე წერს, რომ მისთვის გასაგებია ორბანის პოზიცია უკრაინის დახმარების პოლიტიკაზე.
Following the recent European elections, where Hungarians voted in huge numbers in favour of #peace, we reached an important agreement with #NATO Secretary General @jensstoltenberg . We agreed that no Hungarian personnel will take part in the activities of NATO in Ukraine and no… pic.twitter.com/Cliu4rZGCE — Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) June 18, 2024
სლოვაკეთის პრეზიდენტმა პიტერ პელეგრინიმ სამშაბათს ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, მხარი დაუჭიროს რუტეს კანდიდატურას.
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი თავად იყო რუტეს კონკურენტი, თუმცა დღეს, 20 ივნისს, თავდაცვის უმაღლეს საბჭოს აცნობა კანდიდატურის მოხსნის შესახებ.
57 წლის მარკ რუტე 2010 წლიდან არის ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. ის წარმოადგენს სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), რომელიც ლიბერალური Renew Europe-ის ევროპულ ოჯახში შედის.

ასევე დაგაინტერესებთ