ჰეზბოლას ლიდერი ისრაელსა და კვიპროსს დაემუქრა

19 ივნისს, შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას უმაღლესი მეთაური ჰასან ნასრალა ბეირუთში ჰეზბოლას ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის, თალებ აბდულას დაკრძალვაზე გამოვიდა სიტყვით, რომელშიც ის ისრაელსა და ევროკავშირის წევრ კვიპროსს დაემუქრა.
ნასრალას გამოსვლა ლიბანში პირდაპირი ეთერით გაუშვეს.
ისრაელში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში „არ იარსებებს ჩვენი რაკეტებისა და დრონებისგან უსაფრთხო ადგილი… [ისრაელმა] იცის, რომ ის, რაც ხმელთაშუა ზღვაში იცდის, ძალიან დიდია.. ასეთ მასშტაბურ ბრძოლაში მან იცის, რომ უნდა გველოდოს მიწაზეც, ჰაერშიც და ზღვაშიც“.- თქვა ნასრალამ.
მისი თქმით, ჰეზბოლას შეუძლია გარკვეულ სამიზნეებზე ზუსტი იერიშები მიიტანოს.
ჰეზბოლას მეთაური ასევე დაემუქრა ლიბანთან ყველაზე ახლო მოსაზღვრე, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, კვიპროსს, რომელსაც ს დახმარებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კვიპროსი ისრაელს თავის აეროპორტსა და სამხედრო ბაზებს წვრთნებისთვის აყენებინებს.
„კვიპროსის მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ თავისი აეროპორტებისა და ბაზების ისრაელისთვის ლიბანზე იერიშის მისატანად გახსნა ნიშნავს, რომ კვიპროსის მთავრობა თავად გახდა ომის ნაწილი და წინააღმდეგობა (ჰეზბოლა) გაუმკლავდება მას როგორც ომის ნაწილს“ – თქვა ჰეზბოლას ლიდერმა პირდაპირ ეთერში.
სამხედრო მეთაური თალებ აბდულა დაახლოებით ერთი კვირის წინ ისრაელის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. 18 ივნისს ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ ჰებზოლამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მათი დრონები ჩრდილოეთ ისრაელში, მათ შორის ჰაიფას პორტში დაფრინავენ. ბოლო კვირების მანძილზე ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ჩრდილოეთის ფრონტზე შეტაკებები განსაკუთრებით გახშირდა.