ქართველმა მაშველებმა ფხვენისში იპოვეს ცხინვალში, მდინარე ლიახვში, დამხრჩვალი მოზარდის ცხედარი

რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ქართველმა მაშველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში იპოვეს ცხინვალში, მდინარე ლიახვში, დამხრჩვალი 14 წლის მოზარდის ცხედარი. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამართლებრივი პროცედურების გათვალისწინებით, ჯერ გვამის იდენტიფიცირება არ მომხდარა.
სოფელი ფხვენისი, სადაც ცხედარი იპოვეს, ქვემო ნიქოზს ესაზღვრება და ცხინვალიდან დაახლოებით ექვსი კილომეტრით არის დაშორებული.
მდინარე ლიახვში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრი ოპერაცია, დათვალიერდა მდინარის სანაპიროები ზემო და ქვემო ნიქოზსა და ასევე ფხვენისში. წყლის დონის შესამცირებლად, ქართველმა სპეციალისტებმა წყალი სარწყავ სისტემაშიც გაუშვეს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოზარდის ცხედრის პოვნის შესახებ უკვე შეატყობინეს დე ფაქტო ხელისუფლებას. ამჟამად მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა და ამოცნობის პროცედურა, რის შემდეგაც მას ცხინვალში გადაასვენებენ.
14 წლის მოზარდი ცხინვალში 19 ივნისის შუადღეს გაიტაცა მდინარის დინებამ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა.
ფორუმი