უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: არავითარი კლანი არ არსებობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიზო უბილავა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრებაზე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის თქმით, უსაფუძვლოა ბრალდებები იმის შესახებ, რომ სისტემაში გავლენიანი გუნდი არსებობს, რომელიც სასამართლოს აკონტროლებს:
„არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვის გაუგებარია ასე უსაფუძვლოდ იმის ძახილი, რომ თითქოსდა კლანი არსებობს სასამართლოში ეს ხომ ქვეყნის შიგნით სისტემას აყენებს ზიანს. გონიერია ჩვენი საზოგადოება და ხვდება…
ჩემთვის ეს აზრი, რომ თითქოს რაღაც ერთი გუნდი არსებობსო, თითქოს ეს გუნდი აკონტროლებს სასამართლოსო — კატეგორიულად გამოვრიცხავ ასეთ ფაქტს და ვერ დავეთანხმები იმ პირებს, ვინც ამას ადასტურებენ და უსაფუძვლოდ გაიძახიან თითქოს ერთი გუნდი აკონტროლებს სასამართლოსო,“ — ამბობს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი.
მოსამართლეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ასევე ჰკითხა როგორ შეაფასებდა 2012 წლამდე სასამართლოს დამოუკიდებლობას, რაზეც უბილავამ განაცხადა, რომ სასამართლო 2012 წლამდეც დამოუკიდებელი იყო და ახლაც დამოუკიდებელია, თუმცა ოხანაშვილის დამაზუსტებელი კითხვების შემდეგ, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ — არა იგივე დოზით:
„2012 წლამდე, და 2018 წლამდე მე ვმუშაობდი საქართველოს პროკურატურის რიგებში. მე ვერ ვიტყვი იმ ფაქტს, რომ თუნდაც პროკურორობის პერიოდში ჩემი მხრიდან რაიმე კომუნიკაცია განხორციელებულიყო რომელიმე მოსამართლის მიმართ. ვფიქრობ, მაშინაც დამოუკიდებელი იყო სასამართლო და დღესაც იმ პიკს არის მიღწეული, რომ დღევანდელი დღე უფრო მეტად დამოუკიდებელია სასამართლო. მე პოლიტიკურ ჭრილში ვერ შევაფასებ 2012-მდე და 2012 ის შემდგომ არსებულ ვითარებას ვინაიდან ვარ მოქმედი მოსამართლე” – აღნიშნა კანდიდატმა.
„თქვენ ამბობთ რომ 2012 წლამდეც იგივე დოზით იყო დამოუკიდებელი სასამართლო?“ — ჰკითხა ანრი ოხანაშვილმა უბილავას, რაზეც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა:
„იგივე დოზით არა, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა იყო კანონებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ 2012-მდე არსებობდა ე.წ. გაიდლაინები, როგორც სასამართლოში ასევე პროკურატურაში. ასეთ საკითხებთან მიმართებით, მე პრობლემურ საკითხად ჩავთვლი იმ გაიდლაინებს. სასამართლო უნდა ხელმძღვანელობდეს კანონის უზენაესობით და კონსტიტუციის საერთაშორისო აქტებით. შესაბამისად, გაიდლაინების განსაზღვრა რაღაც ჭრილში ჩემთვის მოსამართლის დამოუკიდებლობის ჩარევად შეიძლება ჩაითვალოს,“ — აცხადებს უბილავა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი წარუდგინა, სწორედ ამდენი ვაკანტური ადგილი იქნება უზენაეს სასამართლოში წლის ბოლოს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც ამჟამად 27 მოსამართლითაა დაკომპლექტებული, 24 მოსამართლე უვადოდაა გამწესებული, სამი კი 10-წლიანი ვადით.
ამ თემაზე წაიკითხეთ: შერჩევის შემდგომ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვერ გადავიდა
ალექსანდრე წულაძემ უზენაესი სასამართლო განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის გამო დატოვა. 2024 წლის ოქტომბერში კი ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს საქმიანობის ვადა ეწურებათ.
ზურაბ ძლიერიშვილს უზენაესში საქმიანობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა და კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა როგორც საბჭოს დადგენილებიდან ირკვევა, ის კონკურსის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდა.
საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები განსახილველად პარლამენტს უნდა წარედგინოს.