გივი მიქანაძე – 17 მაისს, მთელ ქვეყანაში დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოვიდა – კანონპროექტი, რომლის განხილვაც დღეს დაიწყო, სწორედ ამ ადამიანების მოთხოვნისა და ინტერესების დაცვაა

17 მაისს, მთელ ქვეყანაში დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოვიდა – კანონპროექტი, [ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ] რომლის განხილვაც დღეს დაიწყო, სწორედ ამ ადამიანების მოთხოვნისა და ინტერესების დაცვაა,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.
მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს მიიღებს.
„17 მაისი აშკარად გამორჩეული იყო ყველა დანარჩენისგან – როგორც მითხრეს, მთელ ქვეყანაში – ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოვიდა და ამით სრული ლეგიტიმაცია მოხდა იმ პროცესისა, რომელიც მანამდე ყველა რეგიონში ჩატარდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამის კომისიასთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც ვიხილავთ პირველი მოსმენით. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან არის სრული მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია ამ პროცესში. ის, რომ დღეს ოპოზიცია აქ არ არის, პირდაპირ გამოხატულება და პასუხია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს არ იზიარებენ და სულ მცირე, პასუხისმგებლობას არ იღებენ. თუმცა, ფაქტია, რომ ამ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებიან, მაშინ, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ სრულიად გააზრებულად და პასუხისმგებლობით პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი საზოგადოების დაკვეთიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. რა იყო საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, 17 მაისს მთელმა საქართველომ და დასავლელმა თუ მსოფლიო პარტნიორებმა საკუთარი თვალი ნახეს. არ დარჩა ქალაქი და მუნიციპალიტეტი, სადაც ათობით და ასობით ათასი ადამიანი არ გამოვიდა და თავისი პოზიცია არ დააფიქსირა. ამიტომ, კანონპროექტი რომლის განხილვაც დღეს დაიწყო, სწორედ ამ ადამიანების მოთხოვნისა და ინტერესების დაცვაა. ეს არის მცდელობა, რომ უმცირესობამ ბოროტად არ გამოიყენოს მოცემულობები და თავს არ მოახვიოს არავის ის, რისი იძულებით თავს მოხვევაც შეიძლება არსებობდეს. ამისთვის უნდა იყოს შესაბამისი მექანიზმები, გარანტიები და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. ვფიქრობთ, ამ მოწვევის დასრულებამდე შევძლებთ ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებას და მეათე მოწვევის პარლამენტი თავის საქმიანობას ამ დოკუმენტის საკანონმდებლო რანგში ასახვის კონტექსტში დაასრულებს, რაც კიდევ ერთი გამოხატულება იქნება იმისა, თუ რა არის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების პოზიცია“,- განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის დღეს პარლამენტში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს ოთხი კომიტეტის: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ასევე, დაგეგმილია საკითხის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვაც.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები: , ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.