აშშ-ს ელჩმა, დანიგანმა გადაკვეთა წითელი ხაზი – ხალხის ძალის განცხადება

“თუ აქამდე ახალი ელჩი მეტნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა” – ს დეპუტატები, მოძრაობა ხალხის ძალის წევრები განცხადებას ავრცელებენ, სადაც -ს ელჩს, რობინ დანიგანს მიმართავენ.

“გუშინ ჩვენი “სტრატეგიული მეგობრის”, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა რობინ დანიგანმა პირველი მწვავე და ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რასაც ცხადია, უპასუხოდ ვერანაირად ვერ დავტოვებთ. თუ აქამდე ახალი ელჩი მეტნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა. ეს გასაგებიცაა და მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არაადეკვატურ, ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე დაფუძნებული პოლიტიკას აწარმოებს, ელჩ დანიგანს არავინ მისცემდა უფლებას, რომ შედარებით ნეიტრალური პოზიციონირებით თავი აერიდებინა მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამწვავებისთვის.

ქალბატონმა ელჩმა დაგვიწუნა ჩინეთთან ბოლო პერიოდში გაღრმავებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და იქვე მიზეზიც დაასახელა – ჩინეთი რუსეთს აფინანსებს, თქვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია და არ მესმის, რატომ უნდა გააღრმავო ეკონომიკური კავშირები იმ ქვეყნის მმართველ პარტიასთან, რომელიც საქართველოს ოკუპანტს აფინანსებსო… “შესაშური” ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ შეუძლებელია ელჩის ამ ლოგიკას გაჰყვე თუნდაც სერიოზული მსჯელობის დონეზე, რადგან გზად იმდენი ბუნებრივი ბარიერია, რომ გამორიცხულია დანიგანის ამ განცხადებამ ჩიხში არ შეგვიყვანოს.

პირველ რიგში, გვსურს მარტივი კითხვა დავუსვათ რობინ დანიგანს – თუ ჩინეთი აფინანსებს რუსეთს, ხოლო ამჟამად რუსეთი აწარმოებს ომს ში და ახდენს მისი ტერიტორიების ოკუპაციას – რატომ აღრმავებს აშშ ყოველწლიურად ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს?

თუ ჩინეთთან ურთიერთობა სახიფათო და საფრთხის შემცველია, რატომ ამყარებს და აღრმავებს ევროკავშირი საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტაქტებს და რატომ აკეთებენ ანალოგიურს ევროკავშირის ქვეყნები დამოუკიდებლად, გაერთიანების მიღმა?” – ნათქვამია განცხადებაში.

ხალხის ძალის განცხადებაში საუბარია ასევე საქართველოში შემოსული ამერიკული დახმარებაზეც, რომელიც მათი თქმით, დაითვალეს და “არა 6, არამედ, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია”.

“[…] ილუზია და ქართველი ხალხის დაცინვაა თქვენი მხრიდან მუდმივი აპელირება 6 მილიარდიან დახმარებაზე, რომელიც, თურმე, 30 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს მოახმარეთ. ჯერ ერთი, საქართველოში შემოსული ამერიკული დახმარება, რაც ჩვენ დავითვალეთ, არის არა 6, არამედ, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი 30 წლის განმავლობაში. და მეორე – ამ თანხის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დაიხარჯა საქართველოში თქვენს მიერ დაფინანსებული ენჯეოების ხელით თქვენივე საყვარელი პარტიის – „ნაცმოძრაობის” – ჯერ ხელისუფლებაში მოყვანისათვის, შემდეგ მისივე უწყვეტი მხარდაჭერისათვის. და მესამე – დღეს უკვე ეს თანხები ძირითადად ისევ იმ ენჯეოებს ხმარდება, რომლებიც ჩვენი სამშობლოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან და რომელთაც ერთადერთ მიზნად „ქართული” აგენტურული ქსელის, არაერთგზის სახე და სახელცვლილი, მაგრამ მარად მონებად და სამშობლოს გამყიდველებად დარჩენილი ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება განუზრახავთ”. – წერს ხალხის ძალა.

ივანიშვილის დეპუტატები 2008 წლის აგვისტოს ომის პროცესებში აშშ-ს ჩართულობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ – “თქვენმა საყვარელმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო სწორედ ამ უმძიმესი მოცემულობის წინაშე დამდგარიყო”.

“ცალკე საუბრის და გამოძიების თემაა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები, როცა, ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, ქვეყანაში მართლაც დაიხარჯა სოლიდური ამერიკული “ფინანსური დახმარება”, მაგრამ სანამ ამ დახმარების საჭიროება დადგებოდა ქვეყანაში, თქვენმა საყვარელმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო სწორედ ამ უმძიმესი მოცემულობის წინაშე დამდგარიყო. დიახ, აგენტურამ 2008 წელს მოაწყო უმძიმესი პროვოკაციები და რომ არა ეს მიზანმიმართული ბოროტება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ არა დავალებების უსიტყვო შესრულება და მონური მორჩილება, საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვეოდა. არ იქნებოდა ასობით ქართველის მსხვერპლი, არ გვეყოლებოდა 35 000 ახალი დევნილი, არ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და ეკონომიკის სერიოზული ჩამოშლა.

სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს ამ პროცესებში თქვენს როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით, რადგან დღეს უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის საქართველოში, რომ სააკაშვილი და მისი აგენტურული ბანდა სწორედ რომ ოკუპაციის გამოსაწვევად ასრულებდა უმძიმეს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ აგვისტოს ამ მოვლენების შემდეგ დაერქვა რუსეთს „ოკუპანტი”, ხოლო აშშ-ს – სტრატეგიული პარტნიორი, რაც უკვე შემდგომ წლებში – ვიდრე დღემდე, მეტნაკლები წარმატებით გამოიყენება პროპაგანდის საწარმოებლად და საზოგადოებრივი აზრის ტერორისთვის. აგვისტოს ომის შემდეგ გაწეულ დახმარებაზე კი (რაც აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებაში სერიოზულ წილს შეადგენს) მარტივად გეტყვით – თქვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გქონდათ, რადგან ომისგან ჩამოქცეულ ეკონომიკაში ფული რომ არ ჩაგესხათ, ამ ჩამოქცეულ ეკონომიკას თქვენი საყვარელი ნაცმოძრაობაც თან გადაჰყვებოდა. სინამდვილეში, თქვენ ეს ფული თქვენივე აგენტურის ხელისუფლებაში დასატოვებლად გადაიხადეთ. დიახ, ეს იყო თქვენი მიზნებისათვის გაწეული ხარჯი, თორემ ათიათასობით დევნილისთვის წეროვანის ბარაკებში ჩასახლება როგორი „ღირსეული” დახმარებაცაა, ამას ქართველი ხალხი კარგად ხედავს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც ჯიუტად დახმარებად გვითვლით და მუდმივად გვამადლით იმ მითიურ ექვს მილიარდს, რომელიც სინამდვილეში ოთხი მილიარდიც არ არის და ძირითადად, თქვენივე აგენტურის გამაგრებას და მათ გაძლიერებას ხმარდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაჟინებით გთხოვთ, გამოაქვეყნოთ თანხების დეტალური ხარჯთაღრიცხვა და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდება”. – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა და თქვა, რომ “რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება […], თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს”.
დანიგანმა ანაკლიის პორტის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ “ჩინეთის კომუნისტური პარტია არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს”.