“ცხოველივით ღმუის და ტირის, ელოდებიან ხორცს როდის დაიჭამს…” – რა ხდება ციხეებში? – სკანდალური წერილი და ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში საუბარია პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობასა და არაფორმალური მმართველობაზე, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფის და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემოზე.
პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკურ გარემოზე ბევრი წერილი გამოქვეყნებულა ალიაში, ისევე, როგორც სამედიცინო სერვისის პრობლემაზე. არაერთი პატიმარი თუ ადვოკატი გვესაუბრება მედიკამენტების არქონაზე, ან მათ უსარგებლობაზე.
ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, 2020 წლის ოქტომბერში, წერდა, რომ მე-18 დაწესებულებში ადამიანთა წამება ხდება, მათ არ მიეწოდებათ მედიკამენტები, თუ პატრონი არ ჰყავთ, განწირულები არიან. ცხადია, არსებობდა და არსებობს ეჭვი, რომ სხვა დაწესებულებებშიც იგივე ხდება. თუმცა, კუბლაშვილის ამ წერილის პასუხად, სისტემის არც ერთი მინისტრისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი დღემდე არ მოგვისმენია.
მარიამ კუბლაშვილის 2020 წლის წერილი:
“საშინელი განუკითხაობა და ადამიანთა წამება ხდება სასჯელაღსრულების N18-ე დაწესებულებაში, პატიმრებმა შიმშილი დაიწყეს. არაადამიანური ტკივილები აქვს ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ფეხი მოკვეთეს იქვე და ახლა მეორე ფეხია მოკვეთის საშიშროების ქვეშ, წამალსაც არ აწვდიან გამაყუჩებელს. ცხოველივით ღმუის და ტირის, ცოცხლად იტანჯება, ექიმი არ არის ელემენტარული რომ დაგჭირდეს, რა ვქნათო, ანალგინი ან ვალერიანი შეიძლება მიაწოდონ… რა ჩვენი ბრალია, ესაა რაც გაგვაჩნიაო… ელოდებიან როდის ვეღარ გაუძლებს და ტკივილისგან ხორცს დაიჭამს… რა უბედურებაა ეს მინდა ხმამაღლა ვიყვირო უსამართლობის გამო. რამდენჯერ წერილი მივწერე სამედიცინო დეპარტამენტს, ყავარჯენი მოვითხოვე, წამალი მე თავად ვუყიდე, მაგრამ გაუსაძლისია, ტკივილები იმატებს და ყველაზე დიდი უბედურება გულგრილობაა, სიბნელეში ვართ სიბნელეშიიიიიიი!!!!!!!!!!”
იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადვოკატის წერილს უპასუხა და თქვა რომ პატიმარს ბევრჯერ ჩაუტარდა მკურნალობა და ოპერაცია: “მსჯავრდებულისთვის 2018-2020 წლებში მხოლოდ სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ჩატარებული გამოკვლევები და ქირურგიული ჩარევები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 66 537.5 ლარი დაუჯდა. ამ ციფრებიდან გამომდინარე ადვოკატის მხრიდან მედიკამენტების მიწოდებაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.” ანუ, მაშინ, მინისტრმა თქვა, რომ მაგ პატიმარზე ბევრი ფული დავხარჯეთ, კლინიკებს ჩავურიცხეთ და წამალი როგორ არ ექნებაო… ბევრი ფული თუ დავხარჯეთ, აპრიორი კარგად უნდა იყოს, კი…

ასევე დაგაინტერესებთ