GWP: წიწამურთან მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება

“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, სოფელ წიწამურთან მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება.
მათივე ცნობით, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა.
GWP-ის განცხადების თანახმად, დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებული მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება.
მცხეთაში, სოფელ წიწამურთან, GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა, რის გამოც წყლის მიწოდება თბილისისა და მცხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდა.