9 უძრავი ქონება და ხელფასი – რა არ ჩაწერა მაღალჩინოსანმა დეკლარაციაში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ რუსუდან ფაცაციამ 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება, ხელფასი და შვილის უძრავი ქონება არ მიუთითა.
დარღვევა I: რუსუდან ფაცაცია ფლობს ექვს უძრავ ქონებას, რომელთაგან არცერთი არ არის მითითებული დეკლარაციაში: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი – 5503 კვ.მ. ნაკვეთი და მასზე არსებული 578.3 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით; ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N39 – 139.81 კვ.მ. ბინა; ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N39 – 17 კვ.მ. ავტოფარეხი; ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N7 – 133.75 კვ.მ. ბინა; ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N7 – 18 კვ.მ. ავტოფარეხი; ქ. თბილისი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა, N20ა – 1199 კვ.მ. ნაკვეთი და მასზე არსებული 469.6 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით. აღსანიშნავია, რომ რუსუდან ფაცაციამ უძრავი ქონება არც წინა წელს დაადეკლარირა. დარღვევა II: რუსუდან ფაცაციამ დეკლარაციაში არ ასახა საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება. რუსუდან ფაცაციამ მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება არც წინა წელს დაადეკლარირა. დარღვევა III: რუსუდან ფაცაციამ ასევე არ ასახა საკუთარი შვილის, ნიკა წყაროზიას, უძრავი ქონება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი – 2300 კვ.მ. ნაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი – 4907 კვ.მ. ნაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი – 2802 კვ.მ. ნაკვეთი საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, რუსუდან ფაცაცია, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს რუსუდან ფაცაციას დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება” – წერს ორგანიზაცია.