საქართველოს გადასაწყვეტია, ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, ვინაა მისთვის მტერი და ვინ – მეგობარი. ევროკავშირის ხედვით, საქართველო წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თქვა ელჩმა მედიასთან საუბარში. იგი იმედოვნებს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული რთული პერიოდი დასრულდება და საღი აზრი გაიმარჯვებს.
“ნება მიბოძეთ გიამბოთ ამბავი: როდესაც აქ ჩამოვედი, დაახლოებით ორი წლის წინ, აეროპორტიდან გზად, როდესაც თბილისის ძველი ნაწილი ვნახე პირველად, იყო მშვენიერი ძეგლი – ქართლის დედის ძეგლი. ქალს ცალ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში – თასი ღვინით. და მე ამიხსნეს, რომ ქართული ტრადიციის მიხედვით, ხმალი მტრებისთვისაა განკუთვნილი, ღვინის თასი კი – მეგობრებისთვის. ქართველების გადასაწყვეტია, ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი”, – თქვა მ არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” სტუმრობის შემდეგ მედიის კითხვის პასუხად.
“ჩვენ აქ საქართველოსთვის ვართ, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ – საქმითაც. 16 წელია გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც აკეთებს ყველაფერს დეესკალაციისა და გამოსავლის მოსაძებნად ორ ოკუპირებულ რეგიონთან მიმართებით; ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს მთავრობებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში, უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერით. თქვენ იხილეთ ციფრები – ჩვენი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი ათჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოებისადმი გაწეულ დახმარებას”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს ინსტიტუტებისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად ყველა თავის ინსტრუმენტს იყენებდა და ასევე გააგრძელებს.
“ჩვენ ვართ საქართველოს, საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სრულ განკარგულებაში. ჩვენ გვსურს საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა, ჩვენ მომთმენნი ვართ. ამჟამად ჩვენი ურთიერთობები რთულ პერიოდს გადის. მესმის, რომ ოქტომბერში იქნება არჩევნები. გულწრფელად ველოდები, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება, საღი აზრი გაიმარჯვებს. ეს საქართველოზე და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – თუ ისინი გადაწყვეტენ გახდენენ ევროკავშირის წევრები, ჩვენი მხრიდან საკითხი ნათელია, საქართველო ჩვენი მხრიდან აღქმულია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად, გელით”, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
მანამდე პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში გულდასაწყვეტი უწოდა პროცესს, კერძოდ, “აგენტების კანონის” მიღებას, რომლის გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება პრაქტიკულად გაყინულია.
3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებსაიტზე გამოქვეყნდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც უცხოეთის აგენტების რუსული კანონმდებლობის მსგავსია.
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.
„არა რუსულ კანონს!“ – ამ მთავარი გზავნილით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები.

ასევე დაგაინტერესებთ