ჩინური ავტომობილების იმპორტი წელს, რეკორდულად, 18.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და ექსპორტიც შემცირებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მაისში საქართველოში 907.3 მლნ დოლარის ავტომობილები შემოვიდა, რაც 23.4%-ით ნაკლებია, გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. მთლიან იმპორტში მსუბუქი ავტომობილების წილი 20.6%-დან 15.7%-მდე შემცირდა.
ავტომობილების ექსპორტიდან 739.6 მლნ-ს შემოსავალი მიიღო ქვეყანამ, რაც ასევე 7%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე.
თუმცა საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში, ჩინეთიდან 1 119 ერთეული (18.598 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შემოვიდა, რაც რაოდენობრივად 54%-ით, ხოლო თანხებში 117%-ით აჭარბებს, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში მხოლოდ 726 ერთეული (8.582 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა.
ჩინეთის წილი ავტომობილების მთლიან იმპორტშიც გაზრდილია. კერძოდ, წელს 5 თვეში საქართველოში ჯამში 65 455 ერთეული (967.364 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შემოვიდა, საიდანაც 1.7% ჩინურზე მოდიოდა. 2023 წლის იანვარ-მაისში კი ქვეყანაში 82 841 ერთეული (1.262 მლრდ აშშ დოლარი) ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, აქედან მხოლოდ 0.9% იყო ჩინეთიდან.