ითამაშე ჯუნგლებში და არა ზოოპარკში — სწორედ ამ გზავნილით დაგვამახსოვრა თავი Touch.Point-ზე, ყველაზე დიდ მარტექ ფესტივალზე, გაბრიელა ტეხეირამ, DAVID Agency-ის სტრატეგიულმა დირექტორმა. მისი გამოსვლები როგორც მთავარ სცენაზე, ისე პანელურ დისკუსიაზე, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, იდეების შეუზღუდავად გამოხატვასა და შეუჩერებლობას ეხებოდა – ეს იყო ღონისძიების იდეაც. თუმცა, გაბრიელა არ ყოფილა ერთადერთი სპიკერი, რომელმაც აუდიტორია გამორჩეული სიტყვებითა თუ იდეებით შთააგონა. Touch.Point-ზე გამომსვლელებს შორის იყვნენ მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სპეციალისტები Google-დან, Spotify-დან, Volvo Cars-დან, Tbilisi School of Communication-დან და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებიდან.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო საქართველოს ბანკი. ამ ბლოგში კი გიამბობთ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავზე Touch.Point-დან.
წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ადამიანები ჭურჭელს დარეცხავდნენ, ხელოვნური ინტელექტი კი ლექსებს დაწერდა, — ზივ მეირი
ზივ მეირი კრეატივის, ბრენდისა და მარკეტინგის კონსულტანტია. მის სამუშაო გამოცდილებაში იპოვით ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Google, PepsiCo, McCann და სხვები. მან ფესტივალზე აუდიტორიას გამოცდილება მთავარი სცენიდანაც გაუზიარა, ჩაატარა ვორკშოპი და პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. მისი მთავარი სასაუბრო თემა Gen AI იყო.
დღეს ნებისმიერი სამსახურებრივი დავალება AI დავალებაა და ყველა ჯერზე, როცა ლეპტოპს გახსნი, ხელოვნური ინტელექტი დაგჭირდება. მისი საშუალებითაა შესაძლებელი, არაფრიდან შექმნა საქმის 80% რამდენიმე წამში, — თქვა ზივ მეირიმ.
მისი თქმით, დარბაზში მსხდომი ადამიანებიდან წლების წინ ვერავინ იტყოდა, რომ დღეს ჩვენ ჭურჭელს დავრეცხავდით, ხოლო ხელოვნური ინტელექტი ულამაზეს ლექსებს დაწერდა და შესანიშნავ ნახატებს შექმნიდა. ეს ტექნოლოგიები კი მხოლოდ და მხოლოდ წინ მიდის, ადამიანებმა კი ფეხი უნდა აუწყონ.
როცა რაიმეს შექმნი და მიხვდები, რომ მუშაობს, არ სცადო მისი “შეკეთება“ — ლუიზა ფერგიუსონი
Spotify-ის მარკეტინგული გამოცდილების გლობალური ხელმძღვანელმა, ლუიზა ფერგიუსონმა აუდიტორიას გაუზიარა, როგორ მუშაობს გლობალური გუნდი ისეთ მასშტაბურ ეკოსისტემაზე, როგორიცაა Spotify – მუსიკალური პლატფორმა, რომელიც ორ მხარეს – მსმენელებსა და არტისტებს ემსახურება. ლუიზამ Spotify Wrapped-ის მაგალითზე უამბო დამსწრეებს, როგორ იქმნება საერთაშორისო კამპანიები და ტრენდები Spotify-ში და როგორ ახერხებს გლობალური ბრენდი სამომხმარებლო გამოცდილების ლოკალიზებას ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა საქართველო.
ადამიანები ხშირად უშვებენ იმ შეცდომას, რომ წლიდან წლამდე ცდილობენ ახალ-ახალი რამ გამოიგონონ, მაგრამ, სინამდვილეში, თუკი ბრენდს აქვს ნაპოვნი ის, რაც მართლა მუშაობს, არაა საჭირო მისი “შეკეთება“, – სწორედ ასე ახსნა Spotify Wrapped-ის გლობალური ტრენდის წარმატების საიდუმლო ლუიზა ფერგიუსონმა.
რაც უფრო ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბუნებრიობა — დოთ ლანგი
დოთ ლანგი, ცნობილი როგორც Mother of Social Dragons, უკვე არაერთი წელია, ბრენდებს ინსტაგრამის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ეხმარება. მისი მთავარი სასაუბრო თემა პერსონალური ბრენდინგი იყო.
ასეთ კონფერენციებზე ბევრს ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე და ხელოვნურ ინტელექტზე. ვსაუბრობთ ბრენდებზე, თუმცა მათი ნაწილი, ხშირად, უსახოა. სინამდვილეში კი ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავშირები და ავთენტურობა, ამიტომაც სოციალურ ქსელში წარმატებას ერთი რამ განაპირობებს — შეინარჩუნო ადამიანურობა — თქვა დოთ ლანგმა.
მისი თქმით, ადამიანების ცხოვრებაში პერსონალური ბრენდინგი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, იქამდეც კი, სანამ ციფრული პლატფორმები, Facebook ან Instagram შეიქმნებოდა, რადგან ესაა რეპუტაცია. სოციალურ ქსელში კი შეგიძლია, შექმნა იდენტობა, რომელიც შენს ავთენტურ მხარეებს საუკეთესოდ გამოხატავს – სწორედ ამას ასწავლის სხვებს სოციალური დრაკონების დედა.
ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში — რა არის შემდეგ?
ეს ერთ-ერთი პანელური დისკუსიის სახელწოდება იყო, რომელიც Touch.Point-ზე გაიმართა და რომელშიც Google-ის, Uncloudy & Co-ს, CopySight AI-ს და Volvo Cars-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პანელის მოდერატორი მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
პანელურ დისკუსიაზე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას მოახდენს GenAI მარკეტინგზე და რა რისკები და გამოწვევებია ამ მიმართულებებით. პანელის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ GenAI ფუნდამენტურად შეცვლის მარკეტინგის ხელსაწყოებს და ძალიან დიდ გაუმჯობესებებს მოიტანს მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებისას. რაც შეეხება რისკებს, პანელისტებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ საჭიროა ამ ახალი ტექნოლოგიის სწორად ათვისება და გამოყენება, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა არ დაუკარგოს მარკეტინგს ადამიანური მხარე, — განმარტა მიხეილ ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, GenAI ტალღა მომდევნო წლებში ისევე დრამატულად შეცვლის ყოველდღიურობას, როგორც ეს, თავის დროზე, ინტერნეტმა მოახერხა.
ეს ცვლილებები ძალიან სწრაფად განხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მარკეტინგის სპეციალისტები მუდმივად თვალს ადევნებდნენ ახალ GenAI ხელსაწყოებს და ითვისებდნენ მას. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ ერთი მხრივ დარჩნენ კონკურენტუნარიანი ბაზარზე, ხოლო მეორე მხრივ, დრამატულად გაზარდონ თავიანთი პროდუქტიულობა, რუტინული საქმე ავტომატური გახადონ და მეტი დრო დაიტოვონ შემოქმედებითი საქმიანობისთვის, — განაცხადა მიხეილ ნადარეიშვილმა.
მონაცემებზე დაფუძნებული ოსტატობა
პანელურ დისკუსიაზე — მონაცემებზე დაფუძნებული ოსტატობა: აუდიტორიის სეგმენტაციისა და ტარგეტირების ინოვაციური მიდგომები სხვადასხვა ინდუსტრიაში — Bolt-ის, Veli.store-ისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა მონაცემთა ანალიტიკაზე ისაუბრეს.
ჩვენ მიმოვიხილეთ ის, თუ რა როლი აქვს მონაცემთა ანალიტიკას მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის დროს. მარკეტერები მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება დაბალი დანახარჯით მისწვდნენ მაქსიმალურად ზუსტ აუდიტორიას. ამისათვის კი ყველანაირ ციფრულ მონაცემებსა და არხებს იყენებენ, რაც მათ სამიზნე აუდიტორიების გამოყოფასა და სწორ სივრცეში სწორი კონტენტით კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. აქედან გამომდინარე, პანელზე ვისაუბრეთ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერზე, პლატფორმაზე, რომელიც ერთი მხრივ, ბიზნესს საშუალებას აძლევს, გააანალიზოს ტრანზაქციული მონაცემები და დაინახოს, თუ რა ქცევით ხასიათდება მისი მომხმარებლები, მეორე მხრივ კი მარკეტერებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან კამპანიები საბანკო არხებში და მისწვდნენ მომხმარებლებს, რომლებიც მსგავსი პროდუქტებით არიან დაინტერესებული, — განმარტა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელმა.
Touch.Point-ზე კიდევ არაერთი საინტერესო გამოსვლა, პანელური დისკუსია თუ ვორკშოპი ჩატარდა. მოვისმინეთ ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ლოკალური ტრენდების გათვალისწინებას რეკლამების შექმნისას, დაანონსდა არაერთი სიახლეც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი კი იყო ის, რომ დღეს ადამიანები მეტად ენდობიან ბრენდებს, ვიდრე ოდესმე, შესაბამისად, მათ სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი აკისრიათ, რომლის სწორად გამოყენებით, ბიზნესები საკუთარ მომხმარებლებს უახლოვდებიან და რელევანტურობას ინარჩუნებენ.
· საზოგადოება გიორგი კინწურაშვილმა Touch.Point-ის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის ქეისი განიხილა გიორგი კინწურაშვილმა Touch.Point-ის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის ქეისი განიხილა
· გადახედვა ფეხბურთი კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა ფეხბურთელით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა ფეხბურთელით
· საზოგადოება ბიზნეს ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს. ბიზნეს ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს.
· გადახედვა საზოგადოება უხვი ნალექის შედეგად, ლენტეხი-ცაგერის საავტომობილო გზაზე, მეწყრული პროცესები განვითარდა უხვი ნალექის შედეგად, ლენტეხი-ცაგერის საავტომობილო გზაზე, მეწყრული პროცესები განვითარდა
· გადახედვა ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტი და ევრო 2024 — როგორ ცვლის ტექნოლოგიები ფეხბურთს ხელოვნური ინტელექტი და ევრო 2024 — როგორ ცვლის ტექნოლოგიები ფეხბურთს