„ესტიამ“ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე საგულშემატკივროდ კერამიკის ჭურჭელი შექმნა

ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო „ესტიამ“ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე მოხვედრასთან დაკავშირებით კერამიკის ჭურჭელი შექმნა და ამით საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ჭიქებზე საქართველოს დროშის ფერებშია და მათი ფასი 38 ლარია.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ესტიას“ თანადამფუძნებელი და დიზაინერი ნათია ნოზაძე ამბობს, საქართველოს ნაკრების საბერძნეთთან თამაშის შემდეგაც დაამზადეს ფეხბურთის თემატიკაზე ჭიქა, რომელიც მომხმარებლებს ძალიან მოეწონათ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ კიდევ დაემზადებინათ ჭურჭელი. მისი თქმით, ჭიქები საქართველოს დროშის, იმედიან ფერებშია. გუშინ, დორტმუნდში გამართული პირველი თამაშის შემდეგ კი კერამიკის ჭიქების „გასამხნევებელი სერიის“ დამზადებასაც გეგმავენ.
„მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, გუშინ მაგარი თამაში იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთი სერიის გაკეთება შეიძლება კიდევ, რომელსაც გასამხნევებელი ხასიათი ექნება. გუშინ, მაგალითად, ქომაგების კომენტარებს ვათვალიერებდი და დაწერეს, რომ „თურქეთმა მოიგო თამაში, მაგრამ ქართველებმა – ჩვენი გული“, შეიძლება ამოიკრიფოს ადამიანთა ნააზრევი და ამას გადავიტანთ ჭიქებზე“, – ამბობს ნათია ნოზაძე.
ფეხბურთის თემატიკის გარდა, ცოტა ხნის წინ „ესტიამ“ სამაგიდო თამაშების კოლექცია წარმოადგინა – კერამიკის ჭადრაკი, შაში და დომინო. როგორც ნათია ნოზაძე ამბობს, შეკვეთის შემთხვევაში ნებისმიერ თემატიკაზე შეუძლიათ სამაგიდო თამაშების დამზადება.
„ჭადრაკი მოხატულია „ვეფხისტყაოსნის“ XVI საუკუნის, მამუკა თავაქარაშვილის, ცნობილი ილუსტრაციების დეტალებით. „ვეფხისტყაოსნიდან“ ასევე ამოვიღეთ ფრაზები, რომლებიც არ არის ძალიან ცნობილი, მაგრამ არანაკლებ მაგარია. ეს ფრაზები ჭადრაკის ფიგურების მიხედვით გამოვიყენეთ – მეფეს აწერია ის ფრაზა, რომელიც მეფეს შეეფერება, მხედარს – რომელიც მხედარს შეეფერება და ა.შ. შაში და დომინო გაფორმებულია ძველი ქართული ხელნაწერების ორნამენტების ფრაგმენტებით.
სამომავლოდ ვიფიქრე, რომ რამე თანამედროვე თამაშები გავაკეთო, რასაც ბავშვები თამაშობენ დღეს, მაგრამ ამას კარტის ფორმა აქვს და თიხისგან ალბათ არ გამოვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფანერისგან გავაკეთოთ და შემდეგ მოვხატო“, – აცხადებს ნათია ნოზაძე.
კერამიკის ჭადრაკის ფასი 300 ლარია, დომინო – 190 ლარი ღირს, შაში – 240 ლარი. რაც შეეხება ზომებს, ჭადრაკი – 27/27 სმ-ზეა (ფიგურები – 4-4.5 სმ), შაში – 30/30 სმ-ზე.