„როგორც იცით, მარცვლეულის ქართულ ბაზარზე 20% არის ადგილობრივი წარმოების და 80% არის იმპორტირებული. შარშან და შარშანწინ წარმოება იყო 15-იდან 20%-მდე და წელს მაქსიმუმ ავა 15%-მდე, რადგან ნათესი ფართობები შემცირებულია. თუმცა, 1 ჰა-ზე მოსავლიანობა შარშანდელთან შედარებით მეტი და ხარისხიც უკეთესი იქნება“,- ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე რამდენიმე ასეული ჰექტარი დაისეტყვა, თუმცა ეს საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენს. ამასთანავე, წლიდან წლამდე უმჯობესდება მოსავლის აღების ტექნოლოგია.
როგორც მან აღნიშნა, მარცვლეულის მწარმოებლები დღესაც იმ პრობლემის წინაშე დგანან, რომელიც გასულ წლებში ჰქონდათ. მათ იმედი არ აქვთ, რომ პროდუქტს თვითღირებულების ფასად მაინც გაყიდიან.
„როგორც იცით, ტექნიკის გაუმჯობესების მიუხედავად, ფერმერებმა თვითღირებულების ფასადაც ვერ გაყიდეს ხორბალი და იაფად მოუწიათ ფაქტობრივად გადაყრა, რამაც გამოიწვია ის, რომ ტექნიკით დახმარებამ, იაფმა სესხმა და სხვა სიკეთეებმა ვერ გამოიღო შედეგი. აქედან გამომდინარე გადაიდგა რაღაც ნაბიჯები, დამატებითი გადასახადები დაეწესებინათ ფქვილისთვის, ქატოსთვის და ქერისთვის. ამან რამდენიმე თეთრით ამოწია ფასი, მაგრამ თვითღირებულებამდე მისაღწევად ეს არასაკმარისია, როდესაც არსებობს შეთანხმება, რომ ფერმერი თვითღირებულებაში, 70 თეთრად გაყიდდა მარცვალს, პური არ გაძვირდება და წისქვილი იმუშავებს მთელი დატვირთვით“, – აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
როგორც მან განმარტა, უახლოეს დღეებში შეიქმნება სპეციალური შტაბი და გაჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ ვინ და რა ფასად, როგორ ხორბალს გაყიდის, ასევე ვინ იყიდის მას.
მისი თქმით, რუსეთიდან იმპორტირებული ხორბალი დაახლოებით 80 თეთრი ღირს, მაშინ როდესაც ადგილობრივი ფერმერები 53-54 თეთრსაც ვერ იღებენ, ამიტომ გასარკვევია, რატომ ხდება რუსეთიდან შემოტანილი ხორბლის შეძენა, როცა რეალურად უფრო დაბალ ფასად არსებობს პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ხელისუფლებისგან სწორი პოლიტიკა გატარდება, საქართველოს აქვს პოტენციალი რომ მოთხოვნის 50% ადგილზე აწარმოოს.
