საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად ბინიდან დამქირავებლის გამოსახლება გამარტივდება, ანუ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება ექნება სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანა.
რა რეალობაა დღეის მდგომარეობით სექტორში და რამდენად სწორია პროცესის ნაწილობრივი აღდგენა, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ იურიდიული კომპანია OK&CG დამფუძნებელმა, ადვოკატმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ კერძო მესაკუთრეების უფლებების დაცვის მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემები დააგროვა. დავების განხილვების სასამართლოში გადატანამ სისტემაში კოლაფსი შექმნა, რადგან სასამართლოში ძალიან ბევრი საქმე შევიდა და მათი განხილვა გაჭიანურდა.
„კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე, ჩვენი მხრიდან არაერთი მოწოდება იყო. იჯარებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებები ძალიან ცოტაა და ჩემი აზრით პრობლემას ვერ აღმოფხვრის. თუმცა უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ მექანიზმმა იმუშავა, იმ შემთხვევაში ასეთი ტიპის ცვლილება, დადებითად უნდა იყოს აღქმული. საუბარია იმაზე, რომ თუკი მესაკუთრეები იჯარით გასცემენ ქონებას, მათ უფლება ექნებათ დაარეგისტრირონ იჯარის ხელშეკრულება იუსტიციის სამინისტროს პორტალზე და იმ შემთხვევაში, თუ არაკეთილსინდისიერი დამქირავებელი არ გამოვა ფართიდან და ფართის ოკუპაციას მოახდენს, ასეთ რეგისტრირებულ პირებს შეეძლებათ ბინიდან გამოსახლების უფლებით სარგებლობა.
გარდა იჯარის ქირისა, ძალიან ბევრი შემთხვევაა ისეთი, როდესაც ხდება სხვისი ქონების უკანონოდ დაკავება, მაგალითად ნასყიდობის ხელშეკრულება იდება და ქონება ერთი პირიდან გადადის მეორეზე, როგორც წესი თანხმდებიან, რომ ერთ თვეში გაათავისუფლებენ ქონებას, ეს თითქოს ჩვეულებრივი ამბავია და ამას არავინ არ არღვევს, მაგრამ არის შემთხვევები, რომ მესაკუთრე არ გამოდის ბინიდან, ითხოვს, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს, რადგან იცის, რომ სასამართლოს 2-3 წელი სჭირდება და მას ექნება შესაძლებლობა, რომ ბინაში უსასყიდლოდ იცხოვროს ამ წლების მანძილზე“ – აღნიშნა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
კაჭკაჭაშვილის განმარტებით, კანონი არ გავრცელდება პირებზე, რომლებსაც ხელშეკრულებები გაფორმებული და რეესტრში გატარებული არ ექნებათ.
„აქ მე ვხედავ სახელმწიფოს ინტერესს, ამ ეტაპზე მოქალაქეების დიდი ნაწილი გაქირავებაზე არ იხდის გადასახადს, ეს ცვლილება კი ერთგვარად ხელს შეუწყობს გადასახადების აღრიცხვიანობას და მოხდება იმ პირების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და გადასახადების ადმინისტრირება ვინც ქონებას აქირავებს.
აქ ჩნდება კითხვა, კიდევ ხომ არ ვქმნით ისეთ კანონს, რომელსაც ვერ შევასრულებთ, იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს გააჩნია ძალიან მცირე რაოდენობის ძალოვანი სტრუქტურა, რომელსაც სააღმსრულებლო პოლიცია ჰქვია და ჩნდება კითხვა, თუ დარეგისტრირდა იმდენი გამქირავებელი რამდენიც არსებობს და იმ პრობლემებმა თუ იჩინა თავი, რაც სასამართლოშია, რამდენად შეძლებს სააღსრულებო ბიურო ამ ხალხის ბინიდან გამოყვანას? რეალურად მივიღებთ თუ არა ამ სერვისს? რამდენად შეასრულებს სახელმწიფო ამას?
წინა პერიოდში ეს საქმე ებარა პოლიციას, რომელიც საკმაოდ დიდი რიცხოვნობით არის წარმოდგენილი და მეორეს მხრივ იგივე პრობლემას უნდა უპასუხოს იუსტიციის სამინისტროს სააღმსრულებლო პოლიციამაც, ძალიან დიდია რაკურსია ამ ორ პოლიციას შორის და ჩნდება კითხვა, თუ რამდენად მივიღებთ შედეგს.“ – აღნიშნა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
ოთარ კაჭკაჭაშვილი გამოსავალს პოლიციისთვის უფლებების დაბრუნებაში ხედავს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ამაზე დიდი უწყება, რომელსაც შეუძლია გარკვეული იძულებითი ღონისძიება განახორციელოს, სხვა არ არსებობს.