ონკოპაციენტების თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრები უშედეგო და ფუჭი გამოდგა – ჯანდაცვის სამინისტრომ ერთჯერადად და არასრულად დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა მედიკამენტოზური დაფინანსების შესახებ.
მათი ცნობით, არ გამოსწორებულა არცერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ონკოპაციენტებს მედიკამენტების მიღებას და ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციას გაუმარტივებს.
კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებლის, გვანცა აფხაიძის თქმით, ონკოპაციენტთა მთავარი პრობლემა კვლავ მედიკამენტების დეფიციტია, ხოლო პაციენტთა უმრავლესობის ერთადერთი შემოსავალი მიზერული პენსიაა, რომელიც არ აძლევს მათ სრულფასოვანი მკურნალობის საშუალებას.
ღია შეხვედრის მოთხოვნით ოფიციალური განცხადებით ონკოპაციენტებმა 17 ივნისს, საქართველოს პრემიერმინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს ერთდროულად მიმართეს.
“გვინდა გავაჟღეროთ ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები, რომელიც გამოსწორებადია – ამისთვის საჭიროა საქართველოს მთავრობის კეთილი ნება, რომ ადამიანების სიცოცხლე საფრთხეს აღარ ექვემდებარებოდეს.
პროტესტი, რომელიც ჩვენ გვქონდა 6 თებერვლიდან და სწორედ ამის შემდეგ შეგვხვდა ბატონი მიხეილი აღმოჩნდა ფუჭი დროის კარგვა, რადგან ერთეული ადამიანების დახმარებას მოხმარდა ეს შეხვედრები, არ გამოსწორებულა არცერთი სისტემური პრობლემა და ეს დახმარება იმ ონკოპაციენტების მიმართაც იყო მხოლოდ ერთჯერადი.
მთავარი და უპირველესი პრობლემა, რაც ონკოპაციენტებს გვაქვს ეს არის წამლების არარსებობა – ადამიანთა სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტია და ასევე არ შედის დაფინანსებაში უამრავი სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტები.
პაციენტთა უმრავლესობის ერთადერთი შემოსავალი არის მიზერული პენსია, რომლითაც ვერცერთი პაციენტი ვერ შეძლებს სრულფასოვან მკურნალობას.
ამ ფაქტების საფუძველზე, ვერცერთი ონკოპაციენტი ვერ იღებს სრულფასოვან მკურნალობის შესაძლებლობას სახელმწიფოსგან.
პრობლემაა გაუმართავი სისტემა, რომელიც არ არის ელექტრონული, პრობლემაა ჯანდაცვასთან დაკავშირება, პრობლემაა ასევე მათთან კომუნიკაცია – დაფინანსებაში არ შედის წინასწარი კვლევები, გენეტიკურ-მოლეკულური ანალიზი, მკურნალობით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მართვა.
ფაქტია, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია და არ ფუნქციონირებს საქართველოში.
სწორედ ამიტომ, გუშინ, 17 ივნისს განცხადებით და პაციენტების ფორმა 100-ებით მივმართეთ ბატონ პრემიერს, რადგან ის არის პასუხისმგებელი პირი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.
ვითხოვთ ღია შეხვედრას პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან, ვითხოვთ პერსონალიზებული მედიცინის დანერგვას და ადამიანის ჯანმრთელობის უფლებების დაცვას სახელმწიფოსგან”. – თქვა გვანცა აფხაიძემ.
ონკოპაციენტები მიხეილ სარჯველაძეს 12 მარტს პირველად შეხვდნენ, რა დროსაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი მათ დაპირდა, რომ ყველანაირად ეცდებოდა “25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით არსებული საკითხის მოგვარებას”.
25 მარტს ონკოპაციენტებმა აქცია გამართეს და კვლავ ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას.
5 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიან ლიმიტში აღარ შევა.
ონკოლოგიური პაციენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმება იყო – მათ გასულ თვეებში რამდენიმე აქცია გამართეს.
გარდა ამისა, პაციენტები ითხოვდნენ, რომ:
· დროულად შემოიტანონ ონკოლოგიური მედიკამენტები და პაციენტებს არ უწევდეთ წამლის საძებნელად აფთიაქიდან აფთიაქში სიარული;
· გაიზარდოს იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება – ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც კი არ არის.
ონკოპაციენტების თქმით, 8 მარტს გამართული შეხვედრის დროს, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ კრიტიკის საპასუხოდ ონკოპაციენტებს უყვირა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“მინისტრმა დაგვიწყო ჩხუბი და ყვირილი ონკოპაციენტებს. მაშინ, როცა ჩვენ მას ვუყვებოდით ჩვენს პრობლემებს, ერთ-ერთმა ონკოპაციენტმა გააკრიტიკა ბატონი მიხეილი, ის გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყო ყვირილი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ზრუნვა არ არის ყვირილი”. – თქვა ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.