კომუნისტური ჩინეთის “ავტორიტარიზმის ექსპორტი”

გასული კვირის განმავლობაში, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრებმა პეკინის ოფიციალური დოკუმენტები გაასაჯაროვეს, რომელიც ადასტურებს მოსაზრებას, რომ „ჩინეთის მიზანი ავტორიტარიზმის ექსპორტია“. დოკუმენტები მკვლევარმა ნივა იაუმ მოიპოვა, რომელიც ამბობს, რომ „ჩინეთის სურვილი ავტორიტარული მმართველობის ხელშეწყობაა“.
მკვლევრებმა სულ 2000-მდე დოკუმენტის მოპოვება შეძლეს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 14 გაასაჯაროვეს, რათა მკითხველმა თავად ნახოს რა შინაარსის მატარებელია ტრენინგები და სასწავლო პროგრამები, რომელსაც ჩინეთი აფინანსებს და რომლითაც განვითარებადი ქვეყნების ჟურნალისტებს, საჯარო მოხელეებს და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ამზადებენ.
„ეს არის სასწავლო პროგრამები, რომლებიც ეფუძნება სი ძინპინის პოლიტიკური აზროვნების სახელმძღვანელო პრინციპებს. ამ პროგრამების ფარგლებში ასწავლიან, რომ [ჩინეთის] ეკონომიკური წარმატება, მისი პოლიტიკური სისტემიდან მოდის. [სასწავლო] პროგრამა ასევე ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანო უნდა იყოს მოწყობილი იმისთვის, რომ დაიცვას სახელმწიფო და პარტია და არა ხალხი. მასში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტების ვალია ეროვნული ერთობის შექმნა და არა სისტემის კრიტიკა. ნათქვამია, რომ კანონი მიზნად უნდა ისახავდეს რეჟიმის დაცვას და არა ხალხის,“ – ამბობს მკვლევარი იაუ, რომელმაც მოპოვებული დოკუმენტების შინაარსი დეტალურად შეისწავლა.
ტრენინგები ქართველებისთვის
დოკუმენტებში ვერ მოხვდა საქართველო, თუმცა ანონიმურობის დაცვით, საკითხის მცოდნე სანდო წყარო „ამერიკის ხმას“ აწვდის ინფორმაციას, რომ ანალოგიური შინაარსის ტრენინგები იმართება ქართველი საჯარო მოხელეებისთვის და ჟურნალისტებისთვისაც. წყაროს ინფორმაციით, დოკუმენტები, რომელშიც ტრენინგში მონაწილე ქართველები ფიგურირებენ 2023-2024 წლებით თარიღდება.
„ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი შინაარსის ტრენინგები იმართება, თუმცა განახლებული ტრენინგების დღის წესრიგის მოპოვება ამ დრომდე ვერ შევძელით,“ – გვეუბნება „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი და განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის ტრენინგები ქართველი ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის წარსულშიც იმართებოდა.
„ეს პროგრამები საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობდა კოვიდ19-ის პანდემიამდე. ჩვენ ძალიან ბევრი კონკრეტული შემთხვევის დოკუმენტირება მოვახდინეთ და 2020 წელს ამაზე ანგარიშიც მოვამზადეთ“, – ამბობს ხიდაშელი.
„ამერიკის ხმა“ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოში ჩინეთის საელჩოს ვებგვერდზე შეეცადა, თუმცა უწყების ვებგვერდზე ინფორმაციის მოპოვება ან გადამოწმება შეუძლებელი აღმოჩნდა. საიტის ბევრი ველი, ყველა შეთავაზებულ ენაზე, სრულად ცარიელია. ვებგვერდზე მხოლოდ ოფიციალური პეკინის განცხადებები და პროპაგანდისტული შინაარსის მასალებია ხელმისაწვდომი.
„პეკინი ცდილობს, დააჯილდოოს ის ჟურნალისტები და მედია ორგანიზაციები, რომლებიც უკვე ემსახურებიან საქართველოს მთავრობას და რუსულ ინტერესებს და მოემსახურებიან ჩინეთსასაც“, – ამბობს „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი.
თინა ხიდაშელს, რომელიც წლებია საქართველოში ჩინეთის აქტივობებს ადევნებს თვალს ვკითხეთ, მისი დაკვირვებით, რამდენად ხელმისაწვდომია ასეთი ტიპის ინფორმაცია საქართველოში და ხდება, თუ არა დაგეგმილი ან გამართული სასწავლო პროგრამებისა თუ ტრენინგების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, – „არა“ ამბობს ის.
„არა, ეს არ არის საქართველოში ღია ინფორმაცია. არსად ამაზე ღიად არ საუბრობენ. არც წინასწარი შერჩევისთვის ცხადდება რამე. ისინი [პეკინი] ძალიან ყურადღებით არჩევენ ყველა იმ პირს, ვინც შესაძლოა მოხვდეს მსგავსი ტიპის ვიზიტში. ერთადერთი, რატომაც ჩვენ ვიცით ამის შესახებ, არის ის, რომ მონაწილეები თავად, შემდეგში აღფრთოვანებულები დებენ უამრავ ფოტო-ვიდეო მასალას სოციალურ ქსელებში,“ – აცხადებს ხიდაშელი და განმარტავს, რომ ასეთი ტიპის ტრენინგებში, ძირითადად, პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები ხვდებიან.
სემინარები ჟურნალისტებისთვის
ტრენინგები, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების დაფინანსებით იმართება, ძირითადად განვითარებად ქვეყნებს შეეხებათ და მათ ვინც „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ წევრები არიან, თუმცა არა მხოლოდ.
„სასწავლო პროგრამების 80 პროცენტი, როგორც დოკუმენტების დასათაურებაშია აღნიშნული, განვითარებადი ქვეყნებისთვის არის გათვლილი. 20 პროცენტი თითქმის თანაბრად ნაწილდება აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე“, – ამბობს მკვლევარი ნივა იაუ.
დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ საჯარო მოხელეებისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად, ჩინეთის მთავარი სამიზნე ნაციონალური მაუწყებლები და მათი ჟურნალისტები არიან. თუმცა, მიდგომები ყოველთვის ერთნაირი არ არის.
„ბევრი ჟურნალისტი, განსაკუთრებით „სარტყელი-გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნებიდან, ჩინეთში სხვადასხვა პროგრამით ორჯერ ან მეტჯერ იმყოფებოდა . მათ აჩვენებენ როგორ მუშაობს მთავრობის მიერ კონტროლირებული ჩინური მედიასისტემა, როგორ თანხვედრაშია ის ჩინეთის მთავრობასთან და რა კარგ შედეგს იძლევა ის. კონკრეტულ მაგალითად კი მოჰყავთ ჩინეთის ეკონომიკური მიღწევები”, – ამბობს მკვლევარი ვიქტორია ჩონ-ჩინგი.
ეს ზოგადი მიმოხილვაა თუ როგორ მოქმედებს პეკინი ჟურნალისტებთან მიმართებაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, თუმცა შედარებით დემოკრატიულ ქვეყნებთან, პეკინს იგივე მიზნისთვის სხვა მიდგომა აქვს შემუშავებული.
„განსხვავებული მიდგომაა იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც უფრო დემოკრატიული მიდრეკილების ქვეყნებიდან არიან – მათთან უბრალოდ ცდილობენ პოზიტიური განწყობები შექმნან, აჩვენონ რეალობისგან განსხვავებული ჩინეთი და მისი პოლიტიკური მოწყობის მიმართ სიმპათიით განაწყონ. ძირითადი აქცენტი კეთდება ისეთ ჟურნალისტებზე, რომლებიც წარმოადგენენ ნაციონალურ მაუწყებლებს,“- ამბობს მკვლევარი ჩონ-ჩინგი.
საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები
მედია სასწავლო პროგრამების ერთი ნაწილია, თუმცა მთავარი აქცენტი საჯარო მოხელეებზე და მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კეთდება. მაგალითად, ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლოზუნგები და გზავნილები უბრალოდ გადათარგმნეს. რაც შეეხება საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგებს, მკვლევრების მიგნებით, ის სულ ცოტა ირიბად მაინც, ჩინური წესრიგის პროპაგანდას ითვალისწინებს.
„ამ პროგრამების უმრავლესობა შეიძლება სრულად უწყინარ საკითხებს შეეხებოდეს, მაგალითად, მეფუტკრეობას. თუმცა, თუ პროგრამის აღწერას ჩავუღრმავდებით, ის წარმოაჩენს ჩინეთის მოწყობას, პარტიის სიძლიერეს… მათი მიზანია მონაწილეებს აჩვენოს და დაუტოვოს შთაბეჭდილება თუ რა კარგად ფუნქციონირებს ჩინეთი და რატომ არის მნიშვნელოვანი პარტიის სიძლიერე და ეს მოწყობა,“ – ამბობს მკვლევარი ნივა იაუ.
პროგრამა, ტრენინგებში მონაწილე პირებისგან მოხსენებების დაწერასაც მოიცავს, სადაც მათ უნდა ისაუბრონ სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, მათ შორის ამერიკის, თავად ჩინეთის, იაპონიის შესახებ მათი ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებების დამოკიდებულებებზე. თქვან რა პრობლემები აქვთ ადგილობრივ დონეზე და რა შეუძლია ჩინეთს ამ მიმართულებით გააკეთოს.
„ჩინეთი ამბობს, რომ ის პატივს სცემს სხვა ქვეყნების მიდგომებს, მათ არჩევანს, გზას. მაგრამ, ამ დოკუმენტების გაანალიზების საფუძველზე მარტივად დასასკვნელია, რომ [პეკინის] ეს ნარატივი სიმართლეს არ შეესაბამება. ჩინეთს ნამდვილად სურს ავტორიტარული მმართველობის ხელშეწყობა და ამისთვის მისი მთავარი არგუმენტი ეკონომიკური წარმატებაა”, – ამბობს იაუ.
მკვლევრები ამბობენ, რომ ბოლო წლებში, პეკინის მიერ შემუშავებული და დაფინანსებული ამგვარი პროგრამების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მას შემდეგ, რაც პეკინმა ნახა, რომ დოკუმენტებმა სისტემიდან გაჟონა, მკვლევრები ამბობენ, რომ დაიწყო ამ ტიპის დოკუმენტების განადგურება და გადამალვა და ეს ტენდენცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გრძელდება.