რატომ შეუმცირდა სახელმწიფო ელექტროსისტემას მოგება?

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2023 წლის განმავლობაში 6 მლნ ლარით ნაკლები, 339 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.
ქვეყანაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ოპერატორს შეუმცირდა წმინდა მოგებაც და ის 304 მილიონი ლარიდან 85 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსისტემის მოგების შემცირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის პირველია ის, რომ 2022 წელს კომპანიის შემოსავალი რეკორდულად მაღალი იყო და 304 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ მოგების ნახევარი საოპერაციო საქმიანობით იყო განპირობებული, ხოლო მეორე ნახევარი კი საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავლით, რისი მიზეზიც 2022 წელს ლარის გაცვლითი კურსის გამყარება იყო. 2023 წელს კი ლარის გაცვლითი კურსი მცირედით გაუფასურდა, რაც კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშგებაში 20 მილიონის ხარჯს წარმოადგენდა.
მოგების შემცირება ასევე დაკავშირებული იყო კომპანიის თანამშრომლების ხელფასების ზრდაზე. თუკი 2022 წელს თანამშრომელთა ანაზღაურებები 39 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს ის 52 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ასევე 10 მილიონი ლარით 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა კომპანიის „სხვა ხარჯებიც“.
ანგარიშგების მიხედვით, მოგების შემცირება ასევე დაკავშირებულია საარბიტრაჟო დავასთან, რომელიც კომპანიამ წააგო და 23 მილიონი ლარამდე ანაზღაურება დაევალა.
„წინა წლებში ჯგუფს ჰქონდა მიმდინარე სამართალწარმოება კონტრაჰენტთან. არბიტრაჟის მიერ 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ჯგუფი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მომსახურების და მიწოდებული საქონლის ღირებულება და კონტრაჰენტისთვის მიყენებული ზიანი.
2022 წლის 31 დეკემბრისთვის, 11,281,000 ლარი იქნა აღიარებული ანარიცხის სახით და 7,986,000 ლარი – აღიარებული ვალდებულების სახით, არბიტრაჟის გადაწყვეტილების შედეგად, ჯამური ვალდებულება, რომელიც შეადგენდა 22,909,000 ლარს 2023 წლის 31 დეკემბრისთვის, კლასიფიცირებულ იქნა „სხვა ვალდებულებების“ სახით და 2,907,000 ლარის ოდენობით დამატებითი ხარჯი აღიარდა კონსოლიდირებულ მოგების ან ზარალის ანგარიშგებაში,“- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.