ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ჩვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშა აღიმართება და საქართველოს ჰიმნი აჟღერდება, რაც ყველასთვის წარმოუდგენელი ემოცია იქნება.
„ხვალ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს. ეს არის დღე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ველოდით და კიდევ უფრო მძაფრად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. პირველად, ისტორიაში, ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე, უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს დროშა აღიმართება, საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ემოციაა თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის, თითოეული ქართველისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს, ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარული ვარ, რომ ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი, 195 ევრო იყო ბილეთის საფასური, რამაც ბუნებრივია, გაუადვილა ჩვენს გულშემატკივრებს გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება. რა თქმა უნდა, ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური, ჩვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები და მათ გამარჯვებები მინდა ვუსურვო. რაც მთავარია, ჯგუფიდან გასვლა, დარწმუნებული ვართ, რომ მათი ჟინით აუცილებლად შეძლებენ და მიაღწევენ ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას“, – განაცხადა კობახიძემ.