ნანუკა ჟორჟოლიანი დიზაინერ თათა ვარდანაშვილს სოფელში, მშობლიურ სახლში ესტუმრა. როგორც თათამ აღნიშნა, უახლოეს მომავალში ის აქ ცხოვრებას გეგმავს. როგორც დიზაინერმა თქვა ეს სახლი მისთვის ეკლესიაა. ინტერვიუს დროს თათა ვარდანაშვილმა ცხოვრების რთული პერიოდები გაიხსენა.
„იმ კონკრეტულ პერიოდში, როდესაც ძალიან მიჭირდა, დამეხმარა ჩემი შვილის, დემეტრეს არსებობა ჩემს ცხოვრებაში. იმდენი ტრავმა გადავიტანე, რომ არ ვიცოდი ეს ენით აღუწერელი ტკივილი სად წამეღო. ეს იყო მამის გარდაცვალება“, – აღნიშნა თათა ვარდანაშვილმა.
დიზაინერმა მეუღლესთან გაშორებაზეც ისაუბრა.
„ჩემს თავს ვაპატიე, რომ მას ცოლად გავყევი და სანამ საკუთარ თავს ვაპატიებდი, საოცარი ბრძოლა გადავიტანე. ჩემში ადამიანი გარდაიცვალა და ახალი ადამიანი დაიბადა, გარდაცვალების მომენტი კი ისეთი მტკივნეული იყო, ვერც ერთ ფიზიკურ ტკივილს ვერ შევადარებ“, – აღნიშნა დიზაინერმა.
მხატვარი და დიზაინერი თათა ვარდანაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი საკუთარი შემოქმედებით და საქმით გახდა. თუმცა დიდი ხანია, ფაქტობრივად არსად ჩანს. მედიის საშუალებით საზოგადოებას თითქმის აღარ ეკონტაქტებოდა. ბოლო დროს თათამ დაბრუნება შეძლო, ცხოვრების ტრაგედიებსა და გადატანილ სირთულეებზე ხმამაღლა ისაუბრა და საზოგადოებისგან უამრავი დადებითი ემოცია მიიღო.
თათა ახლა ქალაქისგან მოშორებით ცხოვრობს და საკუთარი მეურნეობა აქვს:
”
არა მარტო მე ვარ თბილისში დაბადებული და გაზრდილი, დედის მხრიდან მეცხრე და მამის მხრიდან მეშვიდე თაობის თბილისელი ვარ. მიუხედავად ამისა, სოფელთან მჭიდრო კავშირი ყოველთვის გვქონდა. არც მამის მხარე და არც დედის, თავის წარმომავლობას არ კარგავდნენ. მუდმივად ინარჩუნებდნენ მამაპაპისეულ კარ-მიდამოს და სოფელთან კავშირს. ამიტომ ზაფხულში ტრადიციულად ჯერ საგარეჯოში ჩავდიოდით, სადაც დედაჩემის დედას მამაპაპისეული კერა ჰქონდა – უძველესი რიკულებიანი სახლი. ბავშვობაში იქ საზაფხულო არდადეგების ნახევარს ვატარებდი.
15 წლის რომ ვიყავი, მამამ თელავის რაიონში, თავის სოფელ ართანაში, სადაც პაპას ძირძველი მიწა-წყალია, ძველი სახლი შეიძინა. იქ სამკვიდრო მიწა გვაქვს. სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარა. მალე ბებიას (მამის დედა) მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, არანაირ იმედს არ გვაძლევდნენ, რომ გადარჩებოდა. 80-იანი წლები იყო და ექიმ ბებიას ასევე ექიმებმა დარჩენილი დროის გატარება კრისტალურად სუფთა ჰაერზე ურჩიეს. მათი თქმით, რადგან სამი დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, გადაწყვიტა, მამაჩემს სოფელში, სუფთა ჰაერზე გადაეყვანა. იქ პაპას ნათესავები ჰყავდა. ართანა მაშინ საკმაოდ გამართული სოფელი იყო, წყალი ჰქონდა და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მოკლედ, 17 წლის რომ გავხდი, იქ იყო უკვე გამართული სახლი და ბებიას ჰქონდა კარგი მეურნეობა. ის გადარჩა და იცოცხლა იმდენ ხანს, რომ დემეტრე გამაზრდევინა”, – ამბობდა ის.