მასიურად იშლება ონლაინ გამოცემა “მთის ამბების” და სხვა მომხმარებლების პოსტები ფეისბუკიდან

ფეისბუკზე მასობრივად იშლება კონტენტი, რომელიც ს ტრაგედიას ან ხელისუფლებისთვის სხვა სენსიტიურ ინფორმაციას უკავშირდება. სავარაუდოდ კოორდინირებული შეტევის ობიექტია ონლაინ გამოცემა მთის ამბები, რომელმაც 15 ივნისს საგანგებო განცხადება გაავრცელა.
“რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მომხდარის გარკვევას და შესაბამის რეაგირებას” – ეს განცხადება გამოცემა 12 საათსა და 5 წუთზე გაავრცელა.
მთის ამბების გაზიარებული პოსტები იშლება არა მხოლოდ გამოცემის ოფიციალური გვერდიდან, არამედ იმ მომხმარებლების პირადი გვერდებიდანაც, ვისაც ეს მასალები ჰქონდა გაზიარებული. შეუძლებელია გვერდის მონიშვნაც (“დათაგვა”);
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული მასალები იშლება რადიო კომერსანტის გვერდიდანაც.
შოვთან დაკავშირებული პირადი პოსტებიც და “მთის ამბებისგან” გაზიარებული მასალებიც წაეშალა სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედას, ია მერებაშვილს.
მომხმარებლების მიერ ფეისბუკზევე გაზიარებული შეტყობინებებიდან, რომლებიც მათ პოსტების წაშლის შესახებ მიიღეს, ჩანს, რომ სამიზნე არა მხოლოდ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული კონტენტი, არამედ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკაც იყო. წაშლილი მასალის წაშლის მიზეზად რის შემთხვევებში დასახელებულია “კიბერუსაფრთხოება.”
კონტენტის წაშლის მიზეზი შესაძლოა იყოს მასშტაბური დარეპორტების კამპანია ან სისტემური ხარვეზი, რომელიც თავად ქსელს შეიძლება ჰქონდეს. წაშლილი პოსტების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ შესაძლოა გასაჩივრება ფეისბუკის ადმინისტრაციასთან და მოთხოვნა, კვლავ ხილული იყოს კონტენტი, რომელიც სოციალური ქსელის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.
გამოცემა მთის ამბები არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის სამიზნე. შოვის ტრაგედიის შესახებ მომზადებული გამოძიების ევროკავშირის მედია კონკურსში მონაწილეობის გამო განმარტებები მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ამ გამოცემის დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი იყო “აგენტების კანონის” მიღების პარალელურად წარმოებული სიძულვილის კამპანიის ერთ-ერთი სამიზნეც – ამ კამპანიის ფარგლებში აქტივისტებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პროტესტში ჩართულ ადამიანებს ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან და ემუქრებოდნენ, უღებავდნენ სახლისა და ოფისის ფასადებს, ავტომობილებს და ხვდებოდნენ ქუჩაში ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. გელა მთივლიშვილის სახლთან და ოფისთან გასულ თვეში არაერთხელ გამოჩნდა წითელი საღებავით შესრულებული უცენზურო სიტყვები და ჰომოფობიური ტერმინები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება