უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დღევანდელ განცხადებას უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების დაწყების პირობებთან დაკავშირებით.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადება ცეცხლის შეწყვეტაზე ულტიმატუმია, რომელიც სანდო არ არის. ეს განცხადება მან Sky TG24-თან ინტერვიუში გააკეთა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინი არ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, თუნდაც თუ შესრულდება მისი მოთხოვნები, რაც დაასახელა.
“ეს ულტიმატუმია, რომელიც არაფრით განსხვავდება წინა ულტიმატუმებისგან. ის არ გაჩერდება. ამიტომ არ ღირს ამის დაჯერება”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
მან აღნიშნა, რომ თავის განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, უკრაინამ უარი თქვას არა მხოლოდ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ იმაზეც, რომელიც კიევის კონტროლის ქვეშაა, თუმცა მანამდე ვლადიმერ პუტინი მხოლოდ ყირიმსა და დონბასზე საუბრობდა. ზელენსკის თქმით, პუტინის ეს განცხადება “რუსული ნაციზმის ახალი ტალღაა”.
“იგივეა, რაც ჰიტლერმა ქნა, როდესაც თქვა “მომეცით მე ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და აქ ყველაფერი დამთავრდება”, მაგრამ არა, ეს ტყუილია, ისტორიული ტყუილი. შემდეგ იყო პოლონეთი, შემდეგ მთელი ევროპის ოკუპაცია”, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა. ბრიუსელში პრესკონფერენციის დროს ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.