ტიტე აროშიძე – ჩვენ მოვახერხეთ მომავალი წლის ბიუჯეტი ყოფილიყო მილიარდი ლარი – ეს ეკონომიკის გაძლიერება და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ანგარიშის წარდგენის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს წევრების შეფასებები მოისმინეს.
აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ანგარიშს წარადგენს, რაც ასახავს ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ მიმდინარე და დაწყებულ საქმიანობას, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის. ჩვენ, წინა პერიოდის განმავლობაში, ყველა მინისტრს მოვუსმინეთ „მინისტრის საათის“ ფორმატში და ვიცით, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება, არ არის ქაოსური ღონისძიებები, რომლებსაც გეგმავდნენ ადრე და რომლებიც სრულდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ფურცელზე სტატისტიკის მაჩვენებელი ჩამოეწერათ მხოლოდ. ეს არის ის ღირსეული საქმე, რომელიც ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ესაჭიროება პირველ რიგში და სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე მიმდინარეობს დაგეგმვაც, რა თქმა უნდა, საზოგადოების ყველა ფენასთან შეთანხმებით. ამიტომ დღეს ვერავინ ვერ იტყვის, თუნდაც ბიუჯეტის ზრდის ფონზე, რომ რომელიმე საქმე ცუდად კეთდება, ან რომელიმე გათვალისწინებული არ არის.
დღეს, მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებაში, ჩვენ თითქმის ყველა სფეროში მიღწეულ წარმატებას შევეხეთ და ვნახეთ, რომ ეს წარმატებები არა მხოლოდ მიმართულებებად, არამედ ქვემიმართულებადაც არის ჩაშლილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ოპოზიციის არდასწრების მიზეზებზე ძალიან ბევრი ისაუბრეს მაგრამ, მაინც გამოვყოფდი რამდენიმე მათგანს. წინა დღეებში მაინტერესებდა რაზე ჰქონდათ აქცენტი და მაშინ, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში არ იყვნენ, ვნახეთ, რომ სულ იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც აპელირებდნენ მუდმივად. ეს იყო, პირველი – ხულო -ზარზმის გზა, რომელიც ობიექტური მიზეზით იყო გაჩერებული. მეორე კი, კუნძულის თემა, რომელსაც თითქმის ყველა გამოსვლაში ახსენებდნენ. მესამე იყო სიღარიბის დაძლევა, და კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელზეც ასევე აპელირებდნენ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ხულო-ზარზმის გზა, ფაქტობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს არა მხოლოდ სატრანსპორტო გადაზიდვებს მოემსახურება, არამედ ერთ-ერთი ტურისტული მიმართულება იქნება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ მხარის განვითარებისათვის. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იქნება კურორტი მხოლოდ საქართველოსთვის, ეს იქნება კურორტი როგორც ევროპისათვის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დამსვენებლებისა და ზამთრის კურორტების მოყვარულებისთვის.
რაც შეეხება კუნძულის მშენებლობას, ვიცით, რომ იმ ტემპში მიმდინარეობს, რაც დაგეგმილია და რეალურად შეიძლება ითქვას , რომ გეგმა-გრაფიკსაც უსწრებს. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ, ბათუმში ვიხილავთ, ალბათ, ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულს, რომელსაც ანალოგი არ ექნება არათუ ევროპაში, არამედ შეიძლება მსოფლიოს რამდენიმე ადგილას იყოს და ჩვენ ამისი მომსწრენი ვიქნებით, რაც ასევე ეკონომიკური წარმატების მანიშნებელია.
რაც შეეხება სიღარიბის დაძლევას, არცერთ ბიუჯეტში, არსად დევს მუხლი „სიღარიბის დაძლევა“. სიღარიბის დაძლევა არის ის ინდიკატორი, რომელიც აისახება პირდაპირ თუ არაპირდაპირ ეკონომიკის ზრდასა და თუ კლებაზე. მთავარი ინდიკატორი, რა თქმა უნდა, მთლიანი შიდა პროდუქტია და ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონშიც და მთლიანად ქვეყანაშიც, მთლიანი შიდა პროდუქტი დინამიკურად მზარდია. ეს მზარდი დინამიკა გამოისახება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს არაპირდაპირი ქმედება ეკონომიკისა, აისახოს მთლიან მოსახლეობაზე და გვჯერა, კიდევაც ისახება. ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით – ს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ვცხოვრობ. როდესაც იქ სტადიონი არ იყო და ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, ხელუხლებელი იყო, რეალურად ბინის ფასები გახლდათ ძალიან დაბალი. დღეს, სტადიონის აშენების შემდეგ, ამავე ტერიტორიაზე, ორჯერ და ორნახევარჯერ გაიზარდა ბინების ღირებულება, შეიძლება უფრო მეტადაც. ანუ, ეს არის ის მაჩვენებელი, რაც ეკონომიკის ზრდას მოჰყვება და რაც, თან სდევს სწორედ ამ არაპირდაპირ მაჩვენებელს – იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება, მშენებლობები, სახელმწიფო პროგრამები თუ სხვა მსგავსი.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა მიმართულებას, რაც აჭარაში ხორციელდება, ჰყავს თავისი მინისტრი, აქვს თავისი საკურაციო სფეროები. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ბატონი თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა უმაღლესმა საბჭომ, და შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტი, ყველა მინისტრი პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას. სწორედ ამიტომ, სახეზეა გეგმაზომიერი წინსვლა, გეგმაზომიერი დაგეგმვა იმ მზარდი ბიუჯეტისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ წლების განმავლობაში.
სასიხარულოა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ მომავალი წლის ბიუჯეტი ყოფილიყო მილიარდი ლარი. ეს არის ეკონომიკის გაძლიერება, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. ამიტომ, რა თქმა უნდა, დღეს ოპოზიციას სათქმელი ძალიან ნაკლები ექნებოდა, საპოლემიკოც ძალიან ნაკლები და ეს არის დამსახურება იმ მთავრობის კაბინეტისა, რომელიც 24-საათიანი რეჟიმით, რეგიონის წინსვლისთვის მუშაობს . სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, და შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტს, რომელიც რეალურად ასრულებს საქმეს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის. გისურვებთ წარმატებებს, და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გველოდება”, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს