ტაილანდმა ოფიციალურად აცნობა რუსეთს, რომ სურს გაწევრიანდეს BRICS-ში, საერთაშორისო ეკონომიკურ გაერთიანებაში, რომელიც რუსეთის წინადადებით შეიქმნა.
ტაილანდის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა მარის სანჯანმპონგსმა წერილი ამის შესახებ 11 ივნისს გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. განაცხადის მიღების შემდეგ, ტაილანდი იქნება პირველი სახელმწიფო სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც BRICS-ში გაწევრიანდება.
გადაწყვეტილებას ტაილანდის წევრობაზე მიიღებენ ოქტომბერში, როცა გაიმართება ორგანიზაციის სამიტი რუსეთის ქალაქ ყაზანში.
ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი მის სურვილს.
სერგეი ლავროვმა BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ორგანიზაციის გაფართოება „მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების დასტურად“ შეაფასა.
ექსპერტები ტაილანდისთვის ორგანიზაციაში გაწევრიანებით მიღებულ სარგებელს აფასებენ, როგორც უმნიშვნელოს.
ინდოეთის გაზეთი Business Standart-ი შარშან სექტემბერში წერდა, რომ BRICS-ი ჩინოცენტრისტული და ანტიდასავლური მიმართულებისა ხდება.
BRICS-ი ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის მონაწილეობით დაარსდა 2006 წელს პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. ახლა მასში, დამფუძნებელთა გარდა, შედიან სამხრეთი აფრიკა, არაბთა გაერთიანებული საამირო, საუდის არაბეთი, ირანი, ეგვიპტე და ეთიოპია.