რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის 12-ის ნახევარზე კრწანისში – ოდიშარია პაპაშვილზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ფიქრობს, რომ მას სუპერმარკეტში წინასწარ შეკვეთით დახვდნენ.
ოპოზიციონერმა აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა წუხელ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში “მონა” უწოდა, რის შემდეგაც, გარეთ გამოსულს თავს დაესხნენ.
„ადამიანი დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის 12-ის ნახევარზე კრწანისში, სუპერმარკეტში?!“ – აცხადებს ოდიშარია.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისი დავალებით სცემეს თუ არა ბექა პაპაშვილი, ბექა ოდიშარია პასუხობს, აქტივისტმა ის დაიმსახურა, რაც მიიღო.
„სისულელეებს ნუ მეკითხებით. საერთოდ დაიმახსოვროს ყველამ, რომ საქართველოში გინებაზე, მითუმეტეს დედის გინებაზე, ჯერჯერობით, არავის აუკრძალია ის, რომ მიიღოს ისეთი პასუხი, როგორიც უნდა მიიღოს… ერთჯერადი მოხმარების რომ ხარ, იმსახურებ იმას, რომ ასეთი ეპითეტით გაგისწორდნენ“, – აცხადებს ოდიშარია.
ამასთან ოდიშარიას მტკიცებით, პაპაშვილი „მომწამვლელი გაზით“ იყო ჩასაფრებული და ეს ყველაფერი კამერებზეა ასახული.
„ის უსაფრდება პოლიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს შურისძიების მიზნით, ამაზე პასუხს რომ გამცემს, მერე მიიღებს პასუხს ყველაფერზე,“ – განაცხადა ოდიშარიამ.
ოპოზიციონერი აქტივისტი ბექა პაპაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში “მონა” უწოდა, რის შემდეგაც, გარეთ გამოსულს თავს დაესხნენ სავარაუდოდ მისი გარემოცვის წევრები.
გორგასლის გამზირზე, სუპერმარკეტ “ფრესკოში ” მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა აქტივისტმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.
მან, ტელეკომპანია “მთავართან” აღნიშნა, რომ ბექა ოდიშარია 23:00 საათზე დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა და სუპერმარკეტის გარეთ მას კიდევ “სხვები ელოდებოდნენ”.
ბექა პაპაშვილის გარდა, რუსული კანონის მოწინააღმდეგე არაერთ აქტივისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. რამდენიმე დღის წინ, სამოქალაქო აქტივისტს, “სირცხვილიას” ერთ-ერთ დამფუძნებელ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სალომე ნიკოლეიშვილმა (ბარკერი) გაავრცელა.
მან აღნიშნა, რომ თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის, ს მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში მოხდა. პაპუაშვილი პოსტში სალომე ნიკოლეიშვილს (ბარკერი) და ზუკა ბერძენიშვილსაც ახსენებს.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ არაერთი აქტივისტი, პოლიტიკოსი თუ სტუდენტი სცემეს ჩასაფრებების შედეგად, რასაც წინ უძღოდა სატელეფონო ზარები და მუქარის შემცველი გზავნილები, ოფისებთან კი- შეურაცხმყოფელი წარწერები და პლაკატები. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუსჯია.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ აღიარა, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.

ასევე დაგაინტერესებთ