მიკ ვოლასი და კლერ დეილი ევროპარლამენტში ვეღარ მოხვდნენ

ევროპარლამენტში ირლანდიელი პოლიტიკოსები, მიკ ვოლასი და კლერ დეილი ვეღარ მოხვდნენ.
ისინი ირლანდიური პარტიის „დამოუკიდებლები ცვლილებებისთვის“ (Independents for change) წევრები არიან და წინა ევროპარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფთან – მემარცხენეები ევროპარლამენტში (The Left group in the European Parliament – GUE/NGL) – ერთიანდებოდნენ.
ამ ჯგუფში შედიან: სოციალისტური, კომუნისტური და ევროსკეპტიკური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური პარტიები.
მიკ ვოლასი და კლერ დეილი საქართველოში ცნობილი არიან „ქართული ოცნებისადმი“ მათი ლოიალური პოზიციით.
მაგალითად, მაშინ, როცა ევროპარლამენტში რუსული კანონის გამო საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა და სიტყვით გამომსვლელთა უმრავლესობა საქართველოს მმართველ პარტიას აკრიტიკებდა, „ქართული ოცნების“ ნაცვლად ევროკავშირის მიდგომებს იწუნებდა კლერ დეილი.
„ოდესმე შევწყვეტთ ჩარევას და ქართველებს მივცემთ საშუალებას, თავად აშენონ საკუთარი მომავალი?“ – განაცხადა კლერ დეილმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.
ევროკავშირში კლერ დეილის და მიკ ვოლასს პრორუსულად განწყობილ პოლიტიკოსებად იცნობენ. მაგალითად, კლერ დეილი საკუთარ თავს „გამეფებულ რუსოფობიასთან შეურიგებელ ოპონენტს“ უწოდებს.
ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის უშიშროების სამსახურმა კლერ დეილი იმ საჯარო პირთა სიაში დაამატა, რომლებსაც რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამავრცელებლად მიიჩნევს. უკრაინული მხარე მას ორი ნარატივის გავრცელებაში ადანაშაულებს: „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უდანაშაულო ხალხს ტანჯავს“ და ნატო რუსეთს უკრაინის ხელით ეომება. თავის მხრივ, კლერ დეილიმ უკრაინა ცილისმწამებლურ კამპანიაში დაადანაშაულა.
მიკ ვოლასთან ერთად, კლერ დეილი იყო უკრაინის მიმართ ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკის ხმამაღალი კრიტიკოსი. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის მობილიზაციას „თავდაცვითს“ უწოდებდა და ამბობდა, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყანას თავს არ დაესხმებოდა.
„იმას, რაც კლერ დეილიმ მიაღწია, როგორც ევროპარლამენტის წევრმა ბოლო 5 წლის განმავლობაში, უპრეცედენტოა და ამას ვერავინ წაართმევს მას – მისი გამბედაობა, რომ უშიშრად და პირდაპირ ესაუბრა სიმართლე, სერიოზული პრობლემა იყო მმართველი ელიტისთვის, მემარჯვენე თუ ე.წ მემარცხენეებისთვის“, – ასე გამოეხმაურა მიკ ვოლასი თავის თანაგუნდელის, კლერ დეილის მიერ ევროპარლამენტარის მანდატის დაკარგვას.