რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ბექა ოდიშარია აქტივისტს ბექა პაპაშვილს, რომელმაც გუშინ “მონა” უწოდა, არაკორექტული, დისკრიმინაციული, ჰომოფობიური, შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი სიტყვებით მოიხსენიებს.
მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტში ისაუბრა. რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი აქტივისტს “დაფინანსებულ ადამიანს” უწოდებს.
“ეს ადამიანი დაფინანსებულია, რა უნდა სანზონელი თუ გლდანელ კაცს ღამის 12ის ნახევარზე კრწანისში, სუპერმარკეტში? გამოიარა 150-მეტრიანი სივრცე დახლებით გადატვირთული და ერთი ცალი პროდუქტი არ ეჭირა ხელში და მოვიდა ჩემთვის.
როგორც კი მან დამიძახა რუსეთის მონა, მე მას მივანიშნე, რომ აქ რუსული არის მხოლოდ ერთი სიტყვა და ეს რუსული სიტყვა მე მას ვუთხარი, რისი განსახიერებაცაა ეს ადამიანი და ახლა არავინ დამიწყოს, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. მანახეთ, სად წერია თმენის ვალდებულება, მე რომ მონა მეძახოს ადამიანმა?”- თქვა ოდიშარიამ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, მისი ჩარევით მოხდა თუ არა პაპაშვილზე თავდასხმა, ოდიშარია ამბობს: “რა სისულელეს მეკითხებით, რა თქმა უნდა არა”, თუმცა ასევე ამატებს:
“საერთოდ უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ საქართველოში დედის გინებაზე ჯერჯერობით არავის აუკრძალია ის, რომ მიიღოს ისეთი პასუხი, როგორიც უნდა მიიღოს და მოწმე იქ არის უამრავი, რომ ჩვენ არ შეგვიგინებია. მას უბრალოდ იმ ტერმინს ვუწოდებდი, რაც არის”- თქვა ოდიშარიამ.
13 ივნისს, სუპერმარკეტში აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა ბექა ოდიშარიას “მონა” უწოდა. მოგვიანებით, პაპაშვილმა თქვა, რომ მას მას სამი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.
აქტივისტის თქმით, იმ ადამიანებს შორის, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა, ოდიშარიას შვილიც იყო.