როგორი იქნება მთაწმინდის პარკში კაფე-პავილიონი „ფუდ-კორტი“, რომლის პროექტი და დასრულების ვადები კიდევ ერთხელ შეიცვალა

მთაწმინდის პარკში კაფე-პავილიონი „ფუდ-კორტის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც პროექტის მიხედვით, 2025 წელს უნდა დასრულდეს. ტერიტორიის მფლობელი კომპანია შპს „თბილისის პარკი“ არქიტექტურის სამსახურისგან შეცვლილ პროექტზე ნებართვას ელოდება.
კაფე-პავილიონის პროექტი „თბილისის პარკმა“ ჯერ კიდევ 2019 წელს მოამზადა და 2020 წელს მშენებლობის ნებართვაც მიიღო, თუმცა როგორც ოფიციალურ წერილში კომპანიის დირექტორი გელა დიღმელაშვილი აღნიშნავს, 2020-2021 წლებში „ფუდ-კორტის“ მშენებლობა პანდემიის გამო გადაიდო, რადგან შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება ვერ მოხერხდა. თუმცა, პროექტის დასრულების ვადები მომდევნო წლებშიც რამდენჯერმე შეიცვალა.
„პროექტით გათვალისწინებულია ამ ტერიტორიაზე კაფე-პავილიონის მოწყობის დამთავრება. პავილიონი იქნება შესრულებული აჟურული ლითონის კონსტრუქციებით და მინის მოძრავი ვიტრაჟებით. ინტერიერში იქნება მოქცეული მრავალწლოვანი ხეები“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
პროექტს თან ახლავს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელიც ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილმა მოამზადა. დოკუმენტი 33-გვერდიანი და მოთხრობილია მთაწმინდის პარკის განაშენიანების ისტორია 1896 წლიდან დღემდე.
„ფუნიკულიორის გაყვანის იდეა 1896წ. წამოაყენა. თბილისის „კონკის მმართველმა, ბელგიის ანონიმური საზოგადოების ინჟინერმა ალფონს რობიმ. 1900წ. ქალაქის თვითმმართველობამ ხელშეკრულება დადო ბელგიელებთან, რომლის თანახმად ეს საზოგადოება ფუნიკულიორს 45 წლის განმავლობაში გაუწევდა ექსპლუატაციას, შემდეგ კი, უსასყიდლოდ გადასცემდა ქალაქს. ფუნიკულიორის მშენებლობა დაიწყო 1903 წ. და დამთავრდა 1905 წ. გაიხსნა 27 მარტს და თავიდანვე თბილისის ლანდშაფტის სილუეტის განმსაზღვრელი გახდა.
ფუნიკულიორი ააგო ბელგიურმა ანონიმურმა სააქციონერო საზოგადოებამ. პროექტის ავტორი იყო ფრანგი ინჟინერი ბლაში. 1920-იანი წლების ბოლოს დაიწყო მთაწმინდის მოშიშვლებული ფერდობების გამწვანება ახალი ნარგავებით. ეს ადგილი უნდა გადაიქცეულიყო დასვენებისა და გართობის ადგილად. თუმცა, პლატო არ იყო კეთილმოწყობილი და მისი მხოლოდ წინა ბაქანი გამოიყენებოდა. ამიტომ, 1930-იან წლებში გადაწყდა პლატოზე პარკის მოწყობა.
პარკთან ერთად აქ უნდა აშენებულიყო მთელი კომპლექსი: ფუნიკულიორის ახალი ზედა სადგური, რესტორანი, ღია თეატრი, საზაფხულო კინოთეატრი, სპორტული ნაგებობები, ინგლისური ბაღი და სხვ. პარკი. 1956 წელს აღიმართა სატელევიზიო ანძა ხოლო 1972 წელს აშენდა ახალი სატელევიზიო ანძა. 1959წელს ამუშავდა საბაგირო გზა რუსთაველის პრ. მთაწმინდის პლატო, რომლის სიგრძე 906მეტრი იყო სიჩქარე კი 18,1 კმ/სთ, გამტარუნარიანობა 500 მგზავრი საათში. 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა ფუნიკულიორის ახალი ქვედა სადგური. 1990-იან წლებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების დროს მთაწმინდის პარკი და რესტორნის შენობა ფუნიკულიორით და საბაგირო გზით მიტოვებულ იქნა და უპატრონობით გაპარტახდა. 2000-იანი წლებიდან მიმდინარეობს მთაწმინდის პლატოს პარკის, ფუნიკულიორის სისტემის და სხვადასხვა ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები“,- წერია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „სტუდია 9“-მ მოამზადა, მთავარი არქიტექტორი კი მამუკა ჩხაიძეა.