საკანონმდებლო ცვლილება და ამნისტია – ვინ გაუნულდება ჯარიმა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო. დოკუმენტი სხდომაზე პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა წარადგინა.
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონმდებლობაში არსებული ნორმის შეცვლას. კერძოდ, მოქმედი კანონი ითვალისწინებდა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ჯარიმების გახუთმაგებას და ზოგ შემთხვევაში გაათმაგებას. მათ შორის, არსებობს ნორმა, რომელიც ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე 200-ათას ლარიანი ჯარიმის შესაძლებლობას აწესებს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბევრი საჯარიმო ფაქტი დაგროვდა, როდესაც 10 კვადრატულამდე ფართზე, სადაც უკანონოდ ან ნებართვის გარეშე არის მშენებლობა განხორციელებული, მესაკუთრეებს უწევთ აღნიშნული თანხის გადახდა. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირველ ეტაპზე მოქალაქეებს მიეცემათ გაფრთხილება, 90-დღიანი ვადა დარღვევების გამოსწორებისთვის და არ მოხდეს მათი მაშინვე დაჯარიმება. გამოსწორების შემთხვევაში კი მოქალაქეები აღარ დაჯარიმდებიან.
ცვლილების მეორე ნაწილის თანახმად, 2024 წლის 11 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდში, მსგავსი დარღვევების მქონე მოქალაქეებისთვის მოხდება ამნისტირება და ჯარიმების ანულირება.
წყარო: BPN.GE