„ნებისმიერი გაურკვევლობა ქვეყანაში ყველაზე მეტად საფინანსო სექტორზე აისახება“ – გიორგი პაპავა

„ნებისმიერი გაურკვევლობა ქვეყანაში ყველაზე მეტად საფინანსო სექტორზე აისახება“, – ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ ინვესტიციების გარკვეულ ვარდნას იმ დინამიკიდან, რაც 2021-23 წლების განმავლობაში გვქონდა. ბოლო 3 კვარტალი, ეს ვარდნა სულ ფიქსირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, არა 65%-იანი. ამას რამდენიმე ახსნა აქვს: ჩვენი დინამიკა ხშირად არის ხოლმე ერთჯერად ტრანზაქციებზე დამოკიდებული, მეორე ფაქტორია ის, რომ საქართველოში ბოლო 4 წლის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, საფინანსო სექტორი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37%-ის შემომტანი. ახლა თუ ავიღებთ ფარდობას ფინანსურ სექტორში შემოსული ინვესტიციების მთლიან ინვესტიციებთან, -22% გაქვს“, – განაცხადა პაპავამ.
მისი თქმით, ზოგადად, ფინანსურ სექტორში მერყეობები სექტორებს შორის ხშირია, თუმცა ამჯერად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა ყველაზე მწვავედ ფინანსურ სექტორზე აისახება.
„ზოგადად, ფინანსურ სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ ჯამურად საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზეა, მერყეობები არის ხოლმე სექტორებს შორის. მაგრამ კრიტიკული არის ის, რომ სწორედ პირველი კვარტალის შემდეგ იწყება მკვეთრი პოლიტიკური გაუგებრობა ქვეყანაში – ის დაპირისპირება, რომლითაც ქვეყნის ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან შედის, ყველაზე სწრაფად ფინანსურ სექტორზე აისახება. მე ვერ ვიტყოდი, რომ დღეს ფინანსურ სექტორს რაიმე პრობლემები აქვს, მაგრამ ის ძალიან მზარდი სექტორია, რომელიც მკვეთრად აუმჯობესებდა საკუთარ მაჩვენებელს და ეს დინამიკა შეცვლილია, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ინვესტორებში კითხვებს აჩენს.
სიმარტივისთვის, ბოლო 4 წლის მონაცემები ავიღე და პირველ ადგილზე ამ დროის განმავლობაში იყო გაერთიანებული სამეფო 31%-იანი წილით, შემდეგ ნიდერლანდები 16%-ით, ამერიკა – 8%, ესპანეთი – 7% და თურქეთი – 7%. ეს არის ტოპ-5 ქვეყანა. მიმდინარე კვარტალში კი გაერთიანებული სამეფოდან ფარდობა არის -45%, რაც სრული კატასტროფაა.
ნებისმიერი გაურკვევლობა ქვეყანაში ყველაზე მეტად ამ სექტორზე აისახება, რადგან მისი შემოსავლები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებული იქნება კერძო სექტორი მომავალში, რამდენად ენდომებათ ადამიანებს დეპოზიტების განთავსება და ა.შ“, – განაცხადა გიორგი პაპავამ.
წყარო: ipn.ge