ხუთშაბათს იტალიაში მუშაობას შეუდგა მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყნების შვიდეულის (G7) ლიდერთა საიუბილეო, 50-ე სამიტი, რომლის მუშაობაში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს.
სამიტის ფარგლებში გაფორმდება უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმება აშშ-სა უკრაინას შორის, რომელსაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი მოაწერენ ხელს. ამას გარდა, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი წერს თავის ტელეგრამის არხში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინა ანალოგიურ შეთანხმებას იაპონიასთანაც გააფორმებს.
ამავდროულად, ამერიკული გამოცემა Washington Post-ი შეახსენებს მკითხველს, რომ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შეთანხმება არ ითვალისწინებს კონგრესის დამტკიცებას, შესაბამისად ის ნებისმიერ დროს შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერი მომავალი ამერიკელი პრეზიდენტის მიერ. შეთანხმება არ ითვალისწინებს შეერთებული შტატების ვალდებულებებს, გაგზავნოს თავისი სამხედროები უკრაინაში და მონაწილეობა მიიღოს საომარ მოქმედებებში.
“დიდი შვიდეულის” (G7) სამიტის გახსნამდეც ჯგუფის წევრები დათანხმდნენ აშშ-ის წინადადებას, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გირაოდ დაეყრდნოს რუსეთის გაყინულ ქონებას. ეს შეთანხმება წარმოადგენს კიევისთვის გამოცხადებულ მძლავრ მხარდაჭერას, მაშინაც კი, თუკი ევროპის პოლიტიკური სივრცეში მემარჯვენე სპექტრის ძალები ძლიერდებიან