დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთიდან კონსულტაციებისთვის საკუთარი ელჩი გამოიხმო.
“ჩვენ ყველა ვხედავთ, რამდენად რთულია დღეს სომხეთში შიდაპოლიტიკური ვითარება, რამდენად სწრაფად მწვავდება დაპირისპირება ქვეყანაში. და სხვადასხვა ადამიანებს, რა თქმა უნდა, აქვთ სხვადასხვა ამტანობა სერიოზული ემოციური დატვირთვის მიმართ. ამის გაგება შეგვიძლია. მაგრამ არ გვესმის რა შუაშია აქ ბელარუსი?” – თქვა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ანატოლი გლაზმა.
გლაზის თქმით, თუ სომხეთში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ “შიდა პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოს, ეს შორსმხედველი პოზიცია არაა”.
აქამდე სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბელარუსში ჩასვლას არ აპირებს, სანამ მას ლუკაშენკო მართავს.
სომხეთის პრემიერის თქმით, მათ ОДКБ-ს დატოვება ლუკაშენკოს მიერ ყარაბაღის ომისადმი დაფიქსირებული პოზიციის გამო სურთ. მისივე თქმით, ორგანიზაციის დატოვებაზე უარს იტყვიან, თუ ბელარუსის ლიდერი ბოდიშს მოიხდის.
“ОДКБ-ს ერთი ქვეყნის მეთაური აცხადებს, რომ ომის მომზადებაში მონაწილეობდა, ახალისებდა, სჯეროდა და უსურვებდა აზერბაიჯანს გამარჯვებას. ამის შემდეგ მე ბელარუსის მეთაურთან ОДКБ-ს ფორმატში რამეს განვიხილავ?” – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთმა მინსკიდან საკუთარი ელჩი უკვე გამოიხმო.
ლუკაშენკო მაისში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
“მე ჩვენი საუბარი ჯერ კიდევ ომამდე გავიხსენე, თქვენს განმათავისუფლებელ ომამდე, როცა ვახშამზე ფილოსოფიურად ვსაუბრობდით. მაშინ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ომში გამარჯვება შესაძლებელია. ამ გამარჯვების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია”. – თქვა მაისში ლუკაშენკომ.