აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწროს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბრიუსელში 27-29 ჩავა.
„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მათ შორის ნატო-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს ნატოს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას და განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს.