მინისტრმა პედაგოგთა კარიერული განვითარების ახალი სქემის შექმნა წლის ბოლომდე დააანონსა

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა წლის ბოლომდე პედაგოგთა კარიერული განვითარების ახალი სქემის შექმნა დააანონსა. პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში მოხსენების წარდგენისას ამილახვარმა თქვა, რომ არსებული სქემა საჭიროებს განახლებას და დახვეწას.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებები შევა კარიერული განვითარების ახალ სქემაში. თუმცა აღნიშნა, რომ შენარჩუნდება პედაგოგთა სტატუსები და ანაზღაურებაც კვლავ სტატუსზე იქნება დამოკიდებული.
მინისტრი ირწმუნება, რომ კომისიაში, რომელიც შესაბამის სქემას დაამუშავებს პროფკავშირები და “ყველა ჯანსაღი დაინტერესებული მხარე” მიიღებს მონაწილეობას. გიორგი ამილახვარს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს “ჯანსაღ დაინტერესებულ მხარეში”, ან იმავე ლოგიკით, ვინ არიან ისეთი დაინტერესებული მხარეები, ვის აზრსაც ახალი სქემის შექმნისას არ გაითვალისწინებს.
“მასწავლებლებთან დაკავშირებული პროცესების ანალიზმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ დღეს არსებული კარიერული განვითარების სქემა საჭიროებს განვითარებას, გადახედვას და უფრო დახვეწას და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ პირდაპირ გვინდა ჩვენს ღირსეულ პედაგოგებს გამოვუცხადოთ ნდობა და შესაბამისი ღირსეული ანაზღაურება მივცეთ ყველას, სტატუსის მიუხედავად. რა თქმა უნდა, სტატუსები დარჩება და სტატუსებს შორის ხელფასების სხვაობაც. თუმცა, ჩვენ გვინდა ყველას მივცეთ ღირსეული ხელფასი და პარალელურად, ვიზრუნოთ ახალი კარიერული განვითარების სქემის ჩამოყალიბებაზე, მის განვითარებაზე. წლის ბოლომდე ჩვენს პედაგოგებს გაუმჯობესებულ, განახლებულ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით და სტანდარტებით აპრობირებულ კარიერული განვითარების სქემას შევთავაზებთ”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
კარიერული განვითარების მოქმედი სქემა პედაგოგებს ოთხ ჯგუფად ყოფს: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. მასწავლებელთა ანაზღაურება მათ სტატუსზეა დამოკიდებული. მასწავლებლები ვალდებულები არიან წლის განმავლობაში განახორციელონ გარკვეული აქტივობები, რათა შეინარჩუნონ არსებული სტატუსი, ან გადავიდნენ კარიერული განვითარების მომდევნო საფეხურზე.
არსებული სქემის პრობლემურობაზე მუდმივად საუბრობენ პედაგოგები. რამდენიმე თვის წინ სქემა შეაფასა სახალხო დამცველმაც. უფრო კონკრეტულად, ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა სქემის პროდუქტიულობა არაქართულენოვანი სკოლებში/სექტორებში.
“განსაკუთრებით აქტუალურად იკვეთება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სირთულე, რაც მათი პრაქტიკოსი მასწავლებლების კატეგორიიდან ამორიცხვას და მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევას გამოიწვევს”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
უწყებას, ამ საკითხის შესწავლა, თავის მხრივ, 500-მდე მასწავლებელმა მიმართა, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში ან სექტორებში ასწავლიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად