აშშ-ს სანქცირების გამო, 13 ივნისიდან მოსკოვის ბირჟამ დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეაჩერა, რასაც მოსკოვის ბირჟის აქციების 16%-მდე შემცირება და მსხვილი რუსული კომპანიების აქციების ფასის კლება მოჰყვა. 13 მაისს, ვაჭრობის გახსნიდან რამდენიმე წუთში „სბერბანკის“ აქციების ღირებულება 1.17%-ით დაეცა, „ლუკოილის“ – 2.21%-ით, „გაზპრომის“ – 2.1%-ით. ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ახლა რუსული ბანკები იძულებული გახდებიან ეძებონ ალტერნატიული, შემოვლითი გზები, ოფიციალური გაცვლის კურსის ფორმირებაში კი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სუბიექტური ფაქტორი, ანუ ხელისუფლება.
რომან გოცირიძე მოსკოვის სავალუტო ბირჟა დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ქართულ მაგალითზე ავხსნათ, რომელიც უფრო მარტივი გასაგებია, რადგან მასშტაბი და ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე რუსეთში.
წარმოვიდგინოთ, რომ ქართული ბანკებს და ეროვნულ ბანკს აეკრძალათ დოლარით და ევროთი ვაჭრობა. ეს დღეს ხდება ელექტრონული ფორმით, რომელსაც უზრუნველყოფს ბლუმბერგის ძალიან მოსახერხებელი პლატფორმა. ბანკები (ხანდახან ეროვნული ბანკიც) ყიდიან და ყიდულობენ ლარს და დოლარს ამ ბირჟაზე. გარდა ამ ფორმით ვაჭრობისა, ბანკები ბირჟის გარეშეც ეწევიან ყიდვა-გაყიდვას ერთმანეთში. საბოლოო ჯამში ეს ვალუტა ბანკის კლიენტებს (ფიზიკურ და იურიდიულ პირებს) მიეყიდება. არსებობს კიდევ ერთი „მინიბირჟა”, ანუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები.
ეროვნული ვალუტის გაცვლის კურსი დგება სწორედ ბანკთაშორის სავაჭრო პლატფორმაზე დაფიქსირებული გარიგებებიდან.
ვთქვათ, აიკრძალა ამ პლატფორმაზე ვაჭრობა, რა ხდება შემდეგ? ბანკები ბირჟის გარეშე იწყებენ ფულის ძებნას, ზოგს ლარი სჭირდება, ზოგს დოლარი. იწყებენ ერთმანეთთან რეკვას. დღის ბოლოს ასეთი “კუსტარული” გარიგებების შედეგის მიხედვით დგება ლარის გაცვლის კურსი. ასე იყო 90-იან წლებში. იმ პერიოდში ასევე არსებობდა ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, სადაც თუ არ ვცდები, ერთი თუ ორი საათის განმავლობაში შეიძლებოდა ვალუტით ვაჭრობა და ამის საფუძველზე დგებოდა ლარის კურსი. ეს ბირჟა უკვე წინ გადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ თავისი მოქნილობით ახლოსაც ვერ მივა ბლუმბერგის პლატფორმასთან.
რუსეთში დღეიდან ფაქტობრივად გაუქმდა ცენტრალიზებული ბირჟა და ანგარიშსწორების სისტემა. ამ ბირჟაზე სამასზე მეტი ბანკი და ასეულობით დიდი კომპანია ვაჭრობდა ყოველდღიურად. ახლა იძულებული გახდებიან ეძებონ ალტერნატიული, შემოვლითი გზები. ეს, როგორც იტყვიან, ცხოვრებას გაუმწარებს მათ, ხარჯებსაც გაუძვირებს, რეალურ, საბაზრო კურსისგანაც ასცდებიან, რუსული რუბლის რყევები გახშირდება, ხოლო ოფიციალური გაცვლის კურსის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სუბიექტური ფაქტორი, ანუ ხელისუფლება.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის შევიწროება დასავლეთის მიერ. ერთბაშად ყველა სანქციას ვერ შემოიღებ. ვინც ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს, სინამდვილეში შეფარულ ანტიდასავლური პროპაგანდას ეწევა.
ამის საპასუხოდ ასე უნდა დავსვათ კითხვა: ეს სანქციები რომ არ იყოს, სად იქნებოდა ახლა რუსეთი? ალბათ კიევთან და კიდევ უფრო შორს.
სანქციები არაა პანაცეა, მაგრამ იგი თავის საქმეს აკეთებს“, – წერს რომან გოცირიძე.