შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, ემუქრებიან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს – თუ არ იწონებენ, ან პასუხისმგებლობას არ იღებენ, გვითხრან, მაგრამ წაყრუება მიუღებელია

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, ემუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ამაზე არ გვაქვს რეაქცია ევროკავშირის მხრიდან. თუ არ იწონებენ, ან პასუხისმგებლობას არ იღებენ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან გახარჯულ ფულზე, გვითხრან, მაგრამ წაყრუება არის მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იგი კვლავ მიმართავს ევროკავშირის წარმომადგენლობას, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად ევროკავშირს და ევროკომისიას, ხდება თუ არა, რომ ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებული არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით.
„სადაც ჩავეძიებით, ყოველ ჯერზე ვხედავთ რადიკალ „ენჯეოებს“, პოლიტიკურად მოტივირებულ „ენჯეოებს“, ყველგან რატომღაც ვაგნებთ „ევროპის დემოკრატიის ფონდს“. ეს ის ფონდია, რომელიც მალავს და უარს ამბობს, რომ გაასაჯაროოს თავისი დაფინანსებები, რომელიც შემდგომ აღმოჩნდება, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს. კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად ევროკავშირს და ევროკომისიას, ხდება თუ არა, რომ ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებული არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ყველას ფაქტებს. ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული „ჯემ ნიუსის“ ჟურნალისტი ტყვიით კეფაში ემუქრებოდა უმაღლესი თანამდებობის პირებს. „სირცხვილიას“ წევრები, ურეკავდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ. „გრასის“ „ფექთ ჩეკის“ თანამშრომელი მიუვარდა ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს, შეურაცხყოფას აყენებდა, ხულიგნობა ჩაიდინა და მისი დაკავებაც კი გახდა საჭირო.
წარმოიდგინეთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ბელგიაში რომ აქვეყნებდეს ევროკომისიის უმაღლესი თანამდებობის პირების ტელეფონის ნომრებს, მიდიოდეს მათ სახლებში, წარწერებს აკეთებდეს, ემუქრებოდეს მათი ოჯახის წევრებს. წარმოგიდგენიათ, რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე, ამ „ენჯეოს“ რა დაემართებოდა იქ და საქართველოს ხელისუფლების და სახელმწიფოს მიმართ რა რეაქცია იქნებოდა. ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, ემუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ამაზე არ გვაქვს რეაქცია ევროკავშირის მხრიდან. თუ არ იწონებენ, ან პასუხისმგებლობას არ იღებენ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან გახარჯულ ფულზე, გვითხრან, მაგრამ წაყრუება არის მიუღებელი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ