13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა.
„2015 წლის, 13 ივნისი, ძალიან მძიმე დღეა საქართველოსა და დედაქალაქის ისტორიაში. ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო ეს დღე ჩვენი ქალაქისთვის. სამწუხაროდ, დავკარგეთ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, განადგურდა ინფრასტრუქტურა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. აქვე მინდა გავიხსენო სტიქიის მეორე დღე, როდესაც მთელი ქვეყნის ახალგაზრდობა გაერთიანდა და ყველა ერთად შევუდექით ქალაქის დასუფთავებას, აღდგენით სამუშაოებს. დღესაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველანაირი ინფრასტრუქტურის აღდგენა და დანგრეულის აშენებაა შესაძლებელი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ გარდაცვლილ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.