„ამასობაში, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები $5,2 მლრდ-დან $4,5 მლრდ-მდე შემცირდა“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის დეპუტატი ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკას არაადეკვატურს უწოდებს და აცხადებს, რომ მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო კურსის დასტაბილურებისთვის უცხოური ვალუტის ამ ოდენობით გაყიდვამ რეზერვები მკვეთრად შეამცირა და ეს პროცესი კიდევ უფრო დამძიმდება.
„რუსულმა კანონმა ლარის კურსზე მძიმედ იმოქმედა. მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს ბოლო ერთ თვეში 168 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ცდილობს დემაგოგიური განცხადებებით გადაეფაროს მთავრობას და ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოთხოვნის ზრდით ახსნას.
შექმნილ ვითარებაში ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა. მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, ე.წ. იაფი ფულის პოლიტიკას ეწევა. ჯერ იყო და რეფინანსირების განაკვეთი კვლავ შეამცირა, შემდეგ დიდძალი მოცულობის რეფინანსირების სესხები გასცა კომერციულ ბანკებზე: 30 მაისს 3,8 მილიარდი ლარი (ისტორიული მაქსიმუმი), 6 ივნისს 3,7 მილიარდი ლარი. პარალელურად, 168 მილიონი დოლარი გაყიდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში( მათ შორის 60 მილიონი დოლარი გუშინ) ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად ( ანუ უკან ამოიღო დაახლოებით 460 მილიონი ლარი).
ეროვნული ბანკი აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო მანიპულაციებს ეწევა. ამასობაში, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 5,2 მილიარდ დოლარიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ადეკვატურობის ზღვარს საკმაოდ ჩამოსცდა. ეს პროცესი კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან მთავრობის საგარეო ვალის მომსახურება რეზერვებს შეამცირებს, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და გადმორიცხვების კლება ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შეძენის შესაძლებლობებს ამცირებს.
ამას ემატება ის გარემოებაც, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების გამო ქვეყანა ვერ მიიღებს დაახლოებით 300 მილიონ დოლარს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის რეზერვების შესავსებად.
რეზერვებში წარმოქმნილი პრობლემებზე, ორი კვირის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაამახვილა ყურადღება.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ქვეყანა სერიოზული რისკების წინაშე აღმოჩნდა. მთელი პასუხისმგებლობა მოსალოდნელ შედეგებზე ეკისრება საქართველოს მთავრობას, რომლის გამართლებასაც ასე ცდილობს ეროვნული ბანკი“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ