Uniper-მა “გაზრპომს” საარბიტრაჟო დავა მოუგო. გერმანულმა კომპანიამ 13 მლრდ ევროზე მეტი უნდა მიიღოს

გაზის უმსხვილესმა გერმანულმა იმპორტიორმა, Uniper-მა „გაზპრომთან“ რუსული გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტები გაწყვიტა. ამის შესახებ Uniper-ის განცხადებაში წერია, რასაც “კომერსანტი” ავრცელებს.
კომპანიამ „გაზპრომ ექსპორტთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა საარბიტრაჟო განხილვის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო. ამასთან, სასამართლომ “გაზპრომს” გაზის არმიწოდების გამო Uniper-ისთვის 13 მლრდ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
კერძოდ, კონტრაქტს კიდევ ათი წლის განმავლობაში, ანუ 2035 წლამდე უნდა ემოქმედა, რომელშიც მიწოდების დეკლარირებული მოცულობა 250 ტვტ/სთ-ს, ანუ წელიწადში, დაახლოებით, 24 მლრდ კუბურ მეტრ რუსულ გაზს შეადგენდა. თუმცა მილსადენ Nord Stream 1-ით 2022 წლის ზაფხულში მიწოდება ჯერ შემცირდა, რის მიზეზადაც “პორტოვაიას” საკომპრესორო სადგურზე Siemens-ის ტურბინების პრობლემები დასახელდა, ხოლო 31 აგვისტოს მილსადენით მიწოდება მთლიანად შეწყდა.
2022 წლის სექტემბერში ჩრდილოეთის ნაკადის ოთხი ხაზიდან სამი დღემდე დაუდგენელი მიზეზების გამო აფეთქდა. Uniper-მა “გაზპრომის” მიერ გამოცხადებული ფორსმაჟორი ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნია და იმავე წლის ნოემბერში სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი “გაზპრომ ექსპორტის” წინააღმდეგ შეიტანა, რომელიც გაზის არმიწოდების შედეგად მიღებულ ზარალში დაადანაშაულა, ხოლო რუსული გაზის ჩანაცვლების ხარჯი 11,6 მლრდ ევროდ შეაფასა.
Uniper-ში აცხადებენ, რომ კომპენსაციის სახით მიღებული მთლიანი თანხა გერმანიის ფედერალურ მთავრობას გადაეგზავნება.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ