სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის წინაზე გასულ 2023 წელს უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ.
მან დაადასტურა, მანამე სოციალურ ქსელში აფხაზი ბლოგერის სარა ჩამაგუას მიერ გავრცელებული ინფორმაცია 2022 წელს დაკავებული საქართველოს მოქალაქის ასმათ თავაძის გათავისუფლების შესახებ.
„სხვათა შორის ქალბატონი [ასმათ] თავაძის გათავისუფლება მოხდა მიმდინარე წელს“, – თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ჩამაგუა წერდა, რომ თავაძე ქართულ მხარეს “აფხაზეთის მოქალაქის ლეილა დ”-ს მონაწილეობით გადასცეს.
დე ფაქტო სამართალდამცველების განცხადებით, თავაძის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს საქართველოს პასპორტი და სახელმწიფო სიმბოლიკები – დროშა და შევრონი. მას ასევე 10 გრამზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდნენ.
ასმათ თავაძე, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ირაკლი ბებუასთან და ქრისტინე თაკალანძესთან ერთად, მოხსენიებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.
ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა “ჯაშუშობის” ბრალდებით და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.